Accessibility links

"ქართული ოცნების" შემომწირველები სახელმწიფოსთან მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს დებენ - TI


მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები და შემომწირველ პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსთან მილიონობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებს დებდნენ. ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგები, რომელიც 2019 წლის პერიოდის დაკვირვებას ასახავს.

ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ "ქართულ ოცნების" შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ (16 თვეში) 15 750 924 ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმეს, 126 092 739 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერები მოიგეს. შემომწირველებმა კი პარტიის დაფინანსებისთვის 1 745 000 ლარი გაიღეს.

მაგალითად, 2019 წელს შპს-მ "გ & კ ტექნოლოგი" და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა "ქართულ ოცნებას" ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს. კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 8 ტენდერი მოიგო, რომელთა ღირებულებად 28 376 575 ლარი იყო.

"წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დიდი თანხით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ ჯამში 7 036 166 ლარის მოცულობის შემოწირულობა მიიღო, რაც მინიმუმ 5-ჯერ აღემატება შემოწირულობის მიმღები დანარჩენი 18 პარტიის მიღებულ თანხას. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული შემოწირულობა, დაახლოებით, 14-ჯერ აღემატებოდა მეორე ადგილზე მყოფი "ლელო საქართველოსთვის" მიერ მიღებულ თანხას (520 ათასი ლარი).

"ქართული ოცნებამ" 2019 წელს, როცა ქვეყანაში არჩევნები არ ტარდებოდა, სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი ხარჯი გაწია. 19-მა პარტიამ სულ 20,7 მლნ ლარი დახარჯა, აქედან მმართველი პარტიის ხარჯი, დაახლოებით, 8,9 მლნ ლარი იყო, "ევროპული საქართველოსი" - 2,2 მლნ-ზე მეტი, "პატრიოტთა ალიანსის" კი 1,7 მლნ-მდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG