Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში გაიმართა ხაბაროვსკისადმი სოლიდარობის აქციები


საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში.
საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში.

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში გაიმართა ხაბაროვსკელებისადმი და ხაბაროვსკის ოლქის დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი სოლიდარობის აქციები.

ვლადივოსტოკში 200-მდე მომიტინგე შეიკრიბა საბჭოთა ხელისუფლებისთვის მებრძოლთა ძეგლთან. მოედნის თავზე სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა. პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა და მათ საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების წესების დარღვევისთვის ოქმი შეუდგინეს.

იუჟნო-სახალინსკში აქციაში 50 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სკანდირებდნენ: „ხაბაროვსკო, ჩვენ თქვენთან ვართ!“. აქცია არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, მაგრამ პოლიცია მასში არ ჩარეულა.

კომსომოლსკ-ნა-ამურეში მიტინგზე გამოვიდა რამდენიმე ასეული ადამიანი. როგორც იტყობინებიან, აქცია გადაიზარდა მსვლელობაში, რომელშიც ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დღეს ხაბაროვსკში გაიმართა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორს, სერგეი ფურგალის მხარდამჭერთა ახალი არასანქცირებული საპროტესტო აქცია. დამკვირვებელთა შეფასებით, მასში მონაწილეობდა ათიათასობით ადამიანი და, შესაძლოა, ის ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასობრივი გამოსვლები იყოს.

ქალაქის მცხოვრებლებმა მარშით გაიარეს ცენტრალურ ქუჩებზე და გავიდნენ ლენინის მოედანზე, სადაც მიტინგი გამართეს. ვინაიდან ღონისძიება არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე გავიდნენ „მტრედებისთვის საკენკის დასაყრელად“. პოლიცია ვითარებაში არ ჩარეულა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მომიტინგეები ფედერალურ ხელისუფლებას უფრო მეტად მიმართავენ, ვიდრე ადრე. ლოზუნგებს შორის იყო - „პუტინი გადადგეს“, „20 წელი ნდობის გარეშე“, „რუსეთო, გაიღვიძე“, „აქ ჩვენ ვართ ხელისუფლება“. გაისმოდა ფსბ-ს მიერ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ივან საფრონოვის მხარდამჭერი ლოზუნგები. შეკრებილებმა ასევე მხარდაჭერა გამოუხატეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, პაველ გრუდინინს, რომელსაც ართმევენ მისი კუთვნილი ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის კონტროლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG