პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია. უბედური შემთხვევა 26 ივლისს მოხდა.
საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 27 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ჩადენილი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით.