Accessibility links

ავღანეთში 7 აგვისტოს დიდ ყრილობაზე იმსჯელებენ ასეულობით თალიბი პატიმრის ბედზე


2019 წელს გამართული ლოია ჯირგა

ავღანეთის ხელისუფლება 7 აგვისტოს მოიწვევს სასულიერო პირებისა და ეთნიკური ლიდერების დიდ ყრილობას, ლოია ჯირგას.

მასზე უნდა გადაწყდეს პატიმრობაში მყოფი იმ რამდენიმე ასეული თალიბის ბედი, რომელთა გათავისუფლების გარეშე თალიბანი არ აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ავღანეთის მთავრობასთან.

გასულ კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, გასცა ბრძანება პატიმრობაში მყოფი 500 პატიმრის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც ქაბული მიიჩნევს კეთილი ნების ჟესტად თალიბანის მიერ შემოთავაზებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის პასუხად, რაც ავღანეთის მთავრობის თანხმობით 31 ივლისს შევიდა ძალაში მუსლიმთა წმინდა ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით.

31 ივლისს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ციხეებიდან გაათავისუფლა 4600 თალიბი პატიმარი იმ დაპირებული 5000-დან, რომელიც თებერვალში აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენს.

მაგრამ საპატიმროებში რჩება 400 თალიბი, რომელთა გათავისუფლებაც, აშრაფ ღანის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ავღანეთის ხელისუფლებას არ შეუძლია, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო.

აშრაფ ღანის სურს, რომ ლოია ჯირგაზე გადაწყდეს იმ პატიმართა საკითხი, რომელთა გათავისუფლებასაც თალიბანი მოითხოვს.

მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტი, თავის მხრივ, მოუწოდებს თალიბანს, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას ქვეყანაში მიმდინარე 18-წლიანი ომის მშვიდობიანი დასრულებისა და ძალადობის შესაწყვეტად, რასაც, გაეროს თანახმად, მხოლოდ 2020 წელს 1280-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG