Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში ელოდებიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 აგვისტოს


შსს მზად არის, ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს

დღეს შსს-ში, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ელოდებიან. შეხვედრის ინიციატივა უწყებამ გუშინ გამოთქვა, მას მერე, რაც განაცხადა, რომ საქმეში დახმარებისთვის საქართველო გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI-ს) მიმართავს.

გუშინ საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახს განუმარტეს, რომ FBI-ს ჩართვა მხოლოდ სახელმწიფო უწყების მოთხოვნის საფუძველზე ხდება. რამდენიმე საათში კი ოჯახმა შსს-სგან დაპირება მიიღო, რომ ეს ასე მოხდებოდა.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გუშინ საუბრობდა იმაზე, რომ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში არ აღმოჩნდა არცერთი ისეთი ფაილი, რაც გამოძიებას გამოადგებოდა:

„იცით, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთოდ ეს არათუ პროგრამისტის, არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი განმარტებით, ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში ბოლოს 18 ივლისს, 10:02 საათზეა შესული.

წაიკითხე მეტი.

დღეს შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. სულ საქმეზე 17 ბრალდებულია, თუმცა მათი საქმეები ცალ-ცალკე განიხილება, რადგან ბრალდებულების ნაწილი არასრულწლოვანია. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.

არასრულწლოვნების ადვოკატები დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. ასევე ისინი აყენებენ საკითხს, რომ მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს ორი ოქროს მოწმის ჩვენება, გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ბოლო ჩვენებები ეწინააღმდეგება მათ მიერ წინა ჯერზე მიცემულ ჩვენებებს.

შაქარაშვილის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით, არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.

უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს. კიდევ ერთ ექიმს იმავე საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების თქმით, კლინიკაში პაციენტი ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნეს, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, ოპერაცია შპს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო ლიცენზიის არმქონე ორმა ექიმმა ჩაატარა.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ტკივილები განუახლდა, ის ისევ დაარწმუნეს, რომ განმეორებითი ოპერაცია იტალიელ ექიმებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ისევ ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.

წაიკითხე მეტი.

ლიბანის დედაქალაქში მძლავრი აფეთქება მოხდა

ეს კადრები ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ასახავს. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილია 30-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს. აფეთქება პორტის სიახლოვეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

სააგენტო როიტერსი ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრნობით წერს, რომ თავდაპირველი ვერსიით აფეთქდა წლების წინ ჩამორთმეული უკანონო ფეთქებადი ნივთიერებების საწყობი.

მძლავრი აფეთქების ტალღამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გადაუარა, დალეწა და ჩაამსხვრია ფანჯრების მინები და კარები. დაშავდნენ ადამიანები.

„გადავწყვიტე, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა გახდეს პოლიტიკა“ - ინტერვიუ ექიმ ვახტანგ კალოიანთან

ცნობილი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში მიდის. ის „ევროპული საქართველოს“ სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს. კანონის მიხედვით, მას მოუწევს უარი თქვას საექიმო პრაქტიკაზე, თუმცა ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს არ მიატოვებს.

ვახტანგ კალოიანი პოლიტიკურ გეგმებსა და თავის ამ გადაწყვეტილებაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ლელა კუნჭულიას ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მძიმე დღეშია, რამაც ნაწილობრივ განაპირობა მისი ნაბიჯი, პოლიტიკაში წასულიყო. ცნობილი ექიმი ფიქრობს, რომ ასე უფრო შეძლებს შეცვალოს ის, რაც ამ დროის განმავლობაში არ მოსწონდა.

მოარგო თუ არა თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ კომპანიას? რატომ გაასაჩივრა მიკროავტობუსების ტენდერი პოტენციურმა მიმწოდებელმა შესყიდვების სააგენტოში? დისკრიმინაციული მიდგომა; ერთ მიმწოდებელზე პირობების მორგება; კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა - მერიის მისამართით გამოთქმული ბრალდებების ჩამონათვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG