Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნა გაგზავნილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 აგვისტოს


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა პრიკურატურაში შეთანხმებით დასრულდა

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გენერალურ პროკურორს გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი შეხვდნენ. ოჯახი ითხოვდა საქმის გამოძიებაში FBI-ს ჩართვას, რაზეც უწყებისგან თანხმობა მიიღო.

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, მათ წარუდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები იმის შესახებ, რომ საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის შესახებ მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. თუმცა პროკურორებმა განმარტეს, რომ ეს გარკვეულ დროს მოითხოვს.

გუშინ შსს-მ კიდევ ერთი დეტალი გამოაქვეყნა - დასკვნა იმის შესახებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მინაწერი ფურცელზე, გარდაცვლილს ეკუთვნის.

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - ეს არის წარწერა, რომელიც, ექსპერტიზის ინფორმაციით, თამარმა დაწერა. „ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში მის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რას ფიქრობს ოჯახი ექსპერტიზის დასკვნასა და გაჩენილ ვერსიებზე, წაიკითხე მეტი აქ.

გიორგი გახარია: ვხურავთ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თვითდასაქმებულთა სოციალური დახმარების პროგრამა იხურება. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობას მთლიანობაში 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების მიღების თხოვნით მიმართა 250 000-მა ადამიანმა. მათგან დახმარება ამ დროისთვის მიღებული აქვს 170 000 პირს. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაეხმაროს დარჩენილ 80 000 მოქალაქესაც.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ამას გარდა, 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

პრემიერის თქმით, ეს დახმარებები არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ევროპული საქართველო“ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებს პატივს

დღეს პარტია „ევროპული საქართველო“ რუსეთის აგრესიის შედეგად 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებს პატივს. პარტიის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან მივლენ.

პარტიის ლიდერები ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევენ და არა 8 აგვისტოს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოფიციალური ღონისძიებები ყოველ წელს 8 აგვისტოს იმართება. წელს 12 წელი სრულდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან.

„სახლში ვბრუნდებით“ - აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის „საზღვარი“ ისევ დროებით გაიხსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დანარჩენ საქართველოსთან მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ბოლო 5 თვის განმავლობაში უკვე მეოთხედ გახსნა. ამჯერადაც, მხოლოდ ცალმხრივად და დროებით.

5 აგვისტოს გახსნილი „საზღვარი“ 9 აგვისტოს, საღამოს ჩაიკეტება და ენგურის ხიდი ისევ დაცარიელდება. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, „საქართველოში დარჩენილებს“ შინ დაბრუნების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ აძლევს. ოკუპირებულ აფხაზეთში, ძირითადად, გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დანარჩენ საქართველოში, უმეტესად, სავაჭრო და სამედიცინო მიზნებით იმყოფებიან.

წაიკითხე მეტი.

კონგრესმენები: ამერიკა საქართველოს დაეხმარება, საქართველოს ხელისუფლება შეფასდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეაფასებს, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და რა მდგომარეობაშია დემოკრატიული ინსტიტუტები.

ანგარიშში გაანალიზებული უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შემდეგი მიმართულებებით:

  • დგამს თუ არა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად;
  • ეფექტიანად ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას;
  • სცემს თუ არა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი შტოების ზეგავლენებისგან დამოუკიდებლობის ჩათვლით;
  • ეფექტიანად ატარებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
  • იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს;
  • იცავს თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს;
  • იცავს თუ არა მედიის დამოუკიდებლობას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად 6-თვიანი ვადა დააწესა და ეს 5 აგვისტოს დამტკიცებულ დოკუმენტში - ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კონგრესმენებისეულ ვერსიაში აისახა. ამერიკელი კონგრესმენები დემოკრატიული პროცესების შეფასების აუცილებლობას საქართველოსთვის დაპირებული მრავალმხრივი დახმარების კონტექსტში ხედავენ.

წაიკითხე მეტი.

სოფელ შრომის საჯარო სკოლა ერთადერთი ადგილია გურიაში, სადაც ბავშვებს ფარიკაობას ასწავლიან, მალხაზ კვაჭაძე კი სპორტის ამ სახეობის ასევე ერთადერთი მწვრთნელია. უკვე 10 წელზე მეტია, თხილისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობის შემდეგ თავზე მუზარადს იხურავს, ხელში დაშნას იღებს და პატარა სპორტსმენებს წვრთნის.

XS
SM
MD
LG