Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და მზერა თბილისიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 აგვისტოს


​ლუკაშენკას თავსატეხი: რა ჩანს და რა არის საქართველოს დასანახი

ბელარუსში მიმდინარე პროცესები საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ზღვარზე გადის და მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საფრთხესაც.

ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ ვარაუდობდნენ საქართველოში, რომ შესაძლოა რუსეთის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

ბელარუსის პრეზიდენტი კი ამ მოლოდინის საპირისპიროდ ხშირად აფიქსირებდა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. თუმცა ბოლო პერიოდში ლუკაშენკამ თქვა, რომ რუსეთთან მტკიცე მოკავშირეობის გამო მზად იყო სწრაფადვე ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ის ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი კომისრისა და საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის - ხავიერ სოლანას მუქარანარევმა თხოვნამ შეაჩერა.

მაგრამ აღიარების საფრთხე საქართველოში ჩავლილად არც ახლა მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკას ახლა შიდა და საგარეო პრობლემებიც ბევრი დაუგროვდა.

დასავლეთის ქვეყნები და ცალკეული ლიდერები გმობენ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ გამოვლენილ ძალადობას და მინსკისგან დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყანაში კი ძლიერია ოპოზიციური მუხტი, რომელიც მისი 26-წლიანი პრეზიდენტობის დასრულებას მოითხოვს.

რა შეიძლება მოიტანოს პროცესებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების არადემოკრატიულ მექანიზმებსა და ბელარუსის შიდა საქმეებში რუსეთის უხეშ ჩარევას უკავშირდება? რა გაკვეთილები ჩანს საქართველოსთვის ამ ყველაფრიდან? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მკვლელობა, დამწვარი სახლები და არეულობა - რა მოხდა ახალქალაქში?

ყველაფერი 8 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 6 საათზე დაიწყო. ახალქალაქში, ცენტრში, მაშტოცის მოედანზე, რამდენიმე ათეული ადამიანის მონაწილეობით, ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს ახალქალაქელი და სოფელ გულიკამის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გულიკამის მცხოვრებს 27 წლის ვართან მირანიანს ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა, ჩხუბისა და სროლის კადრები კი ადგილობრივი მედიით ვრცელდება.

ამის შემდეგ კი ახალქალაქში დაპირისპირებების ღამე დაიწყო. მოკლულის თანასოფლელებმა, შურისძიების მოტივით, დაწვეს სავარაუდო მკვლელის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო, სახლი და მისი მეგობრების სახლები, დააზიანეს მანქანები.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ახლა იქ მდგომარეობას პოლიცია სრულად აკონტროლებს, თუმცა ადგილობრივები სამართალდამცველებს არეულობის დროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ვინ არის საქმეზე დაკავებული ერთადერთი პირი? რას ჰყვებიან ადგილობრივები და რა ვიცით სისხლიანი კონფლიქტის შესახებ, რომელიც 9 აგვისტომდე ბევრად ადრე დაიწყო? - წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიასა და მაია იველაშვილის სტატიაში.

COVID-19: მესტიაში შესვლა და გასვლა შეიზღუდა

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში - ეს გახდა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის საფუძველზეც მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. სულ, ქვეყანაში ვირუსის 25 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

დაბა მესტიაში, უშგულსა და სოფელ ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს.

"თავშეყრის ადგილებზე მკვეთრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა... ჩატარდება ინტენსიური კვლევები", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. ყველა ტურისტი კი საკარანტინო რეჟიმში განთავსდება.

გუშინ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მესტიის რაიონში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კორონავირუსი არსად წასულა და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო.

წაიკითხე მეტი.

საქართველო "თელასში" თავის წილს ყიდის

სახელმწიფო საწარმო "საპარტნიორო ფონდი" ელექტროგამანაწილებელ კომპანია "თელასში" თავის 24,5%-იან წილს ყიდის. საწყისი ფასი 10 511 211 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში.

"გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას", - წერია განცხადებაში.

საჯარო აუქციონი 9 სექტემბერს ჩატარდება სს "საპარტნიორო ფონდის" ოფისში. "თელასი" თბილისის მასშტაბით აწვდის მოსახლეობას ელექტროენერგიას. კომპანიის 75,1 % ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Silk Road Holdings B.V-ს ეკუთვნის, დანარჩენი წილები კი - სხვა აქციონერებს.

„მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს“ - გვიან დაფასებული ზაირა არსენიშვილი

ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“ საზოგადოებისთვის მოულოდნელ აღმოჩენად იქცა. წიგნი ავტორის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბეჭდა. ეს ამ რომანის უკვე მესამე გამოცემა იყო. თუკი წინა ორი გამოცემა თითქოს მკითხველს გამორჩა, ამჯერად წიგნის პირველი ტირაჟი სრულად გაიყიდა.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ წიგნი 2019 წელს დაბეჭდა. „პირადად არ ვიცნობდი. სამწუხაროდ, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოვახერხეთ მისი წიგნის გამოცემა. სრულიად შოკისმომგვრელი რომანია, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ზაირა არსენიშვილი საკუთარ ტრიუმფს ვერ მოესწრო“, - ამბობს „სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი.

რომანში მოვლენები 20-50-იანი წლების თელავში ვითარდება. სტალინური რეპრესიების ეპოქა განსაკუთრებული ენითა და ცოცხალი პერსონაჟებით არის გადმოცემული. ყველაფერი ზაირა არსენიშვილის შესახებ, წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

გაბრაზებული ხალხი საპროტესტოდ გამოვიდა და პოლიციასთან შეტაკება მოხდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მას მერე, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტი ლუკაშენკა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა მეექვსე ვადით, დამაჯერებელი მონაცემებით. დემონსტრანტები იტყობინებიან, რომ პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა და ბევრია დაშავებული.

XS
SM
MD
LG