Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო სვანეთის სოფლები, ლენჯერის და მესტიის გარდა, შესაძლოა 21 აგვისტოს გაიხსნას


ზემო სვანეთის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა, შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

ცნობის თანახმად, მუნიციპალიტეტში 3 509 PCR ტესტი ჩატარდა და კორონავირუსი მხოლოდ 33 პირს დაუდასტურდა, ეს შემთხვევებიც გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა.

მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა. აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული“, – წერია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 საათში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა.

მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გარდა, აიკრძალა დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG