Accessibility links

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე სეროპრევალენტობის კვლევა ტარდება


საქართველოში კორონავირუსზე სეროპრევალენტობის კვლევა​ ტარდება​. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა 17 აგვისტოს დაიწყო, შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი. მკვლევრები 1 200 ადამიანს სისხლის ანალიზს ჩაუტარებენ და დადგინდება, აქვთ თუ არა იმუნოგლობულინი G, რისი არსებობაც კორონავირუსის გადატანას დაადასტურებს.

„ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. ეს გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ", - თქვა გამყრელიძემ.

მსგავსი კვლევა, დაახლოებით, ორი თვის წინ უკვე ჩატარდა თელავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. კვლევით აღმოჩნდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ვირუსი არავის ჰქონდა გადატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG