Accessibility links

ექიმები ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირების ნებას არ რთავენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 აგვისტოს


მოწამვლა თუ ალერგია?

დღეს ომსკში, სადაც კომაში მყოფი ნავალნი რჩება, მოსკოველ ექიმებს ელოდებიან, რომლებიც კონსილიუმს ჩაატარებენ.

ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრები და მკურნალი ექიმი ცდილობენ მის საზღვარგარეთ გადაყვანას, თუმცა, ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ სტაბილურად მძიმე მდგომარეობის გამო პოლიტიკოსის ტრანსპორტირება შეუძლებელია.

ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა "ეხო მოსკვისთან" საუბრისას განაცხადა, რომ ამ აკრძალვით, რომელიც ხელისუფლების მიერაა სანქცირებული, ექიმები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

წუხელ ომსკში უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მზადაა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანოს.

რუსული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია. რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე რომ იგი მოწამლეს.

ალექსეი ნავალნი გუშინ ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.

თვითმფრინავში ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი პრესმდივანი, კირა იარმიში, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმებს შხამით (ტოქსიკურ) მოწამვლაზე აქვთ ეჭვი. მისი ვარაუდით, ნავალნი შეეძლოთ მოეწამლათ „ჩაიში რაღაცის გარევით“, რადგან ის მხოლოდ ჩაის სვამდა.

კიდევ ერთი ვერსია, რითიც ნავალნის მდგომარეობას ხსნიან, ალერგიაა. პუტინის მწვავე კრიტიკოსი ციხეში არაერთხელ მოხვედრილა. ერთი წლის წინაც მორიგი დაპატიმრების დროს მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ოფიციალური ვერსიით, ალერგიის გამო, თუმცა მაშინ მალევე გამოწერეს.

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს, რუსეთისა და ბრიტანეთის ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის, ოპოზიციონერ ბორის ნემცოვისა და სხვათა შემდეგ, გახდა თუ არა ალექსეი ნავალნი კრემლის მორიგი სამიზნე? რა ვერსიები ამყარებს ამ ვარაუდს? - წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

უკრაინელი მინისტრის სტუმრობა დაძაბულობის ფონზე

იმის ფონზე, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად სწორედ საქართველო შეარჩია.

„ჩვენს შორის ურთიერთობასა და ჩვენს შორის არსებულ მეგობრობას ვერავითარი ძალა ვერ შეუქმნის (პრობლემას) და ვერ დააზიანებს...“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრი ტარანს 19 აგვისტოს, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ერთი შეხედვით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული მტკიცე მეგობრობის დასტურია, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველომ უკრაინიდან ელჩიც კი გამოიწვია, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ვიზიტის მიზეზებზე. ვერსიები, შეფასებები, დეტალები და სავარაუდო გზავნილები, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

შაქარაშვილის საქმის მოწმეები სასამართლოში დღეს გამოიკითხებიან

დღეს, მცხეთის რაიონულ სასასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეები გამოიკითხებიან.

საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი, არ აკონკრეტებს, ვინ გამოიკითხება დღევანდელ სხდომაზე.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო.

საქმის განხილვა სასამართლოში ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. მომდევნო სხდომები დანიშნულია 21, 25 და 26 აგვისტოს. ბრალდების განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნებს უკავშირდება.

ბრალდებულთა დაცვა აპროტესტებს სასამართლო სხდომების ამ ინტენსივობით დანიშვნას და ისინი აცხადებენ, რომ არ მიეცემათ საპატიმროებში შესვლისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან გასაუბრების საშუალება.

პომპეო გაეროს უშიშროების საბჭოს ამცნობს, რომ აშშ-ს ირანის სანქციების კვლავ აღდგენის დაწყება სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ კომპეომ 20 აგვისტოს ოფიციალურად ამცნო გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ აშშ აპირებს დაიწყოს გაეროს მიერ ირანისთვის ადრე დაწესებული სანქციების აღდგენის პროცესი.

ამის შესახებ 19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა. აშშ-ს სურს, აამოქმედოს ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებისა და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუციის შემადგენელი მექანიზმი, რომელიც ირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი სერიოზულად დაარღვევს შეთანხმების პირობებს.

ამ მექანიზმს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი, რომ რომელიმე მონაწილის ამგვარი გადაწყვეტილება ვეტოს არ ექვემდებარება. ირანისთვის სანქციების აღდგენა 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების აღსასრულს ნიშნავს.

წაიკითხე მეტი.

შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე მოითხოვს, რომ მისი შვილი, საქმეზე ბრალდებული სხვა პირები და საქმის მთავარი მოწმეები ე.წ. სიცრუის დეტექტორის, პოლიგრაფიული დეტექტორის საშუალებით დაიკითხონ.

აღნიშნულ მოთხოვნაზე, 20 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. მისი თქმით, სიცრუის დეტექტორი არ არსებობს და საქართველოში ეს დეტექტორი სამართლებრივად არ გამოყენებულა, როგორც პროცესუალურად, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, და ასეთს არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თუმცა მსურველს შეუძლია, თავად მიმართონ პოლიგრაფის დახმარებას.

სურვილის შემთხვევაში, რომელ უწყებაშია ხელმისაწვდომი საქართველოში სიცრუის დეტექტორი, რა პრაქტიკა არსებობს მისი სასამართლო პროცესში გამოყენების და აქვს თუ არა აზრი სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას - წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ქვეყნის მთავარი საპროტესტო სივრცე 7 თვე შემოღობილი იყო, რეაბილიტაციისთვის. პარლამენტის წინ სივრცის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, შემოიღობა პარკი პარლამენტის უკან, ისიც რეაბილიტაციისთვის. როგორ და როდის იწყებს ხელისუფლება საპროტესტო სივრცეების მითვისებას ან გაუქმებას? რას ცვლის ახალი დიზაინი?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG