Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი გზებზე - შეიძლება თუ არა საფრთხის თავიდან აცილება


შატილი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი ავტომობილი
შატილი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი ავტომობილი

23 აგვისტოს შატილი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ავტომობილს, რომლითაც ტურისტები ერთდღიანი ტურით შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ, ტექდათვალიერება თვე-ნახევრის წინ უნდა გაევლო.

მოგზაურები უბედურ შემთხვევამდეც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმ ტურისტული კომპანიის მისამართით, რომელიც ტრაგიკულად დამთავრებულ ტურს უწევდა ორგანიზებას.

რა მოხდა 23 აგვისტოს წვიმიან დღეს სოფელ ბისოსთან?

რამდენად საკმარისია უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ტურისტული სააგენტოები შიდა, მოკლევადიანი, ტურებისას იცავენ?

როგორ შეიძლება გახდეს გზები უფრო უსაფრთხო და როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი?

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში მსხდომი მგზავრები ერთდღიან ტურზე იმყოფებოდნენ და შემთხვევისას უკან, თბილისში, ბრუნდებოდნენ. ტურის ფარგლებში მათ უნდა ენახათ შატილი, მუცო და ანატორის აკლდამები. უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მათ სოფელ ბისოში შეიარეს, ადგილობრივებისგან თაფლი შეიძინეს და გზა განაგრძეს. მიკროავტობუსი ხრამში გადავარდნამდე გზაზე გაჩერებულ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, რომელიც საგზაო სამსახურს ეკუთვნოდა და სადაც არავინ იჯდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერებულ ავტომობილს გაჩერების იმედად დაეჯახა. მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსი ვერ შეაჩერა და ორივე მანქანა ხრამში ჩავარდა.

გზა, რომელიც სამარშუტო ტაქსის მგზავრებს ერთ დღეში უნდა გაევლოთ. წითლად მონიშნულია უბედური შემთხვევის ადგილი
გზა, რომელიც სამარშუტო ტაქსის მგზავრებს ერთ დღეში უნდა გაევლოთ. წითლად მონიშნულია უბედური შემთხვევის ადგილი

ტურის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია „თრეველერ.ჯი” იყო. მისი დამფუძნებელი და ტუროპერატორი სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხეს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას აწვდიან, რათა ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს.

გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადმოსვენებული, აქვე ტარდება ამოცნობის პროცედურა. ცნობილია გარდაცვლილი გიდის ვინაობა. ის სერგო გორლიუკოვია - გამოცდილი გიდი, რომელიც არაერთ ტურში ყოფილა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.

ცნობილია ისიც, რომ სამარშრუტო ტაქსის, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 13 ივლისს უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები უბედური შემთხვევის განხილვისას აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებენ: მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, იაფი ტურები უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით და რეგულაციების არარსებობა.

„მაღალმთიან რეგიონებში გზები განსაკუთრებით მოუწესრიგებელია და რაც არ უნდა გამართული იყოს ავტომობილი, მაინც არსებობს ავარიების რისკი. გზები იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ტექნიკურად გამართული, კარგი მანქანებით იქ სიარული მათ პატრონებს არც უღირთ. შესაბამისად, ვინც იქ სიარულზე თანხმდება, უკვე არის საშუალო ან დაბალი კატეგორიის ავტომობილის პატრონი, რომლებშიც დგამენ დამატებით სკამებს, ან ამუშავებენ გაზზე ეკონომიის გამო, რაც ხანგრძლივი ტურებისას სრულიად წარმოუდგენელია, უსაფრთხოების თვალსაზრისით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთევან ახობაძემ. ის მსოფლიო გიდების ასოციაციების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული გიდი და გიდების ტრენერია, წლებია საერთაშორისო ტურისტებთან მუშაობს და როცა ქვეყანა პანდემიის გამო ჩაიკეტა, თვითონაც ფიქრობდა შიდა ტურების ორგანიზებას. სტანდარტების დაცვით ტურის ორგანიზება ძვირი ჯდება, ბაზარზე კი იმდენი დაბალბიუჯეტიანი ტური არსებობს, რომ მათთან კონკურენციაში შესვლა რთული იქნებოდა და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. ქეთი გვიყვება, რომ, გზებისა და ავტომობილების გარდა, პრობლემაა შორ მანძილებზე ერთდღიანი ტურებიც, რაც ზეგანაკვეთურად მომუშავე მძღოლს ნიშნავს.

„არანაირი რეგულაციები არ არსებობს. იმის ძახილი, რომ ბაზარი დაარეგულირებს, არასწორია. ისიც მესმის, რომ ზედმეტი რეგულაციებით სექტორი არ უნდა მოკლა, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როცა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია სექტორი, მაგრამ კანონი, კონტროლი და წესები აუცილებელია. მხოლოდ ადამიანების სინდისის იმედად ვერ ვიქნებით. არ შეიძლება, მძღოლი 12 საათი იჯდეს საჭესთან ან ადამიანი ასეულობით კილომეტრზე მგზავრობდეს გადმოსაშლელი სკამით. ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს”, - ამბობს ქეთევან ახობაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გარდა, მნიშვნელოვანია, მოგზაურობის მსურველებმაც გაითვალისწინონ ის, რომ იაფი ყოველთვის კარგს არ ნიშნავს და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მოითხოვონ იმ ტურისტული კომპანიისგან, რომლის სერვისსაც ყიდულობენ.

მძღოლის ზეგანაკვეთური მუშაობის დაუშვებლობაზე ლაპარაკობს საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი, ეკა ლალიაშვილიც. უსაფრთხოების სტანდარტის მიხედვით, მძღოლმა დღეში მაქსიმუმ 9 საათი შეიძლება გაატაროს საჭესთან და ისიც აუცილებლად შესვენებით 4,5 საათის მგზავრობის შემდეგ და ამის შესამოწმებლად სპეციალური მოწყობილობაც (ტაქოგრაფი) კი არსებობს, რომლითაც ავტომობილის აღჭურვა და მისი კონტროლი შეიძლება.

„პრობლემებზე საუბრის გარდა, მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზეც, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება მაშინ, როცა ავტომობილით იმაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, ვიდრე გათვალისწინებულია, ან როცა ავტომობილს ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს, რატომ არ ჯარიმდება და რატომ ჰქონდა უფლება ამდენი ადამიანი გადაეყვანა ამხელა გზაზე, სად არის იმ კომპანიის პასუხისმგებლობა?” - სვამს კითხვას ეკა ლალიაშვილი და ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი საგზაო უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას შესაბამისი პოლიტიკური ნება და სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობა სჭირდება.

„როგორც კორონავირუსთან საბრძოლველად არსებობს საკოორდინაციო საბჭო და ყველა უწყება ერთად იბრძვის და იბრძვის ეფექტურად, ასევე საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. საფრთხე და ტრაგედია არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე პანდემია. ერთ დღეში დავკარგეთ იმდენი ადამიანი, რამდენიც კორონავირუსმა შეიწირა. ამას სჭირდება პრემიერის ნება, პოლიტიკური ნება და ყველაფერი გაკეთებადი და გამოსწორებადია. მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება არ არის საკმარისი”, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ის, რომ მთავრობის ხელმძღვანელის როლი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამას არაერთი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, წერია 2016 წელს პრემიერის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში. ეს დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნასაც ითვალისწინებდა, გრძელვადიან მიზნად კი „სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმისგან თავისუფალ გზებსა და მოძრაობას” ისახავდა. 4 წლის წინ მიღებულ დოკუმენტში გზებზე სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმების თავიდან ასაცილებლად ასეთი გეგმაა გაწერილი:

  • სახიფათო შერეული გზის გამოყენების განცალკევება ან უსაფრთხო ინტეგრირება.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის მართვა გზებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისგან დაცვის დონეებთან მიახლოების მიზნით.
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისგან დამცავი გზისპირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფა.
  • გზით მოსარგებლის სახიფათო ქცევის თავიდან აცილება (მაგ., პოლიციის ჩარევისა და გაშუქების ერთობლიობით და, ასევე, ავტომობილის შიგნით დამონტაჟებული მძღოლის დამხმარე სისტემების მეშვეობით).
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის მართვა მართვის მოწმობის გაცემისა და ტესტირების სტანდარტების მეშვეობით.
  • რისკის მართვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტებისა/დიზაინის და მათი შესაბამისობის მეშვეობით.
  • სწრაფი და ეფექტური სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დიაგნოზი და მკურნალობა.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მთიანი ტოპოგრაფიისა და ძირითადად ძველი სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული გზების ერთობლიობა, უსაფრთხოების არაადეკვატური ზომები, საქართველოში გზებით სარგებლობას ძალიან სახიფათოს ხდის”.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაში შედის მცხეთა-მთიანეთის და ქვემო-ქართლის რეგიონებში შიდასაავტომობილო გზების უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსასაზღვრად iRAP-ის საპილოტო კვლევის ჩატარება. ორივე პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჯამში ამ ღონისძიებებისთვის 8 მილიონამდეა გამოყოფილი.

სამოქმედო გეგმის ფრაგმენტი
სამოქმედო გეგმის ფრაგმენტი

23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფა ამ გზაზე მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის.

  • 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში ავტომობილი, რომელშიც 10 მგზავრი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ, ხრამში გადავარდა. ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
  • 2012 წლის 1 აგვისტოს შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი სოფელ ხახმატთან 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. მაშინ ამ ავტომობილში 16 ადამიანი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა მგზავრების ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
  • 2018 წლის ივლისში მდინარე არღუნში, მუცოს ჭალასთან, ტურისტებით სავსე “დელიკა” გადავარდა, რომლის მგზავრებსაც სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმმა შატილში, საკუთარ სახლში, გაუწია.

23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაღუპულების პატივსაცემად 25 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG