Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორაგბის ადვოკატები შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ფოტოგრაფს უჩივიან


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განცხადება შეიტანეს.

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ფიქრობს, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

მოწმეებმა დაიწყეს საზოგადოებაში გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებებს გამოკითხვის ოქმებში. ცალსახად დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ბრეგვაძემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს „ტოიოტა კამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და იძალადა ორ პირზე. მან ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ფაქტობრივად, უარყო. შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. არასწორი იყო ისიც, თითქოს მან დაინახა და იდენტიფიკაცია შეძლო ხიდზე არსებული პირებისა, საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და სამი პირის ნაცვლად უკვე ხუთ პირზე ლაპარაკობს. ფაქტობრივად, ბრეგვაძე სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს გარემოებებს. ეს არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და თუ არსებობს კანონი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს“.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, იაკობ ბრეგვაძეს ორი ჩვენება აქვს მიცემული. პირველი 19 ივნისს, მეორე კი 20 ივნისს. 2 აგვისტოს კი მისი მონაწილეობით, გამოძიებამ მცხეთის მაგისტრალზე, ინციდენტის ადგილას, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

სწორედ 20 ივნისს მიცემულ ჩვენებაში ამბობს იაკობ ბრეგვაძე, რომ მან დაინახა, როგორ გადმოვიდა „ტოიოტა კამრიდან“ სამი პირი და მათ ადგილზევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ორ ბიჭს, რაც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

2 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში კი ვკითხულობთ: „ავტომობილის გაჩერებისთანავე მან გაიგონა, როგორ გადმოვიდნენ ავტომობილიდან პირები გინებით, რის გამოც შეშინებული იაკობ ბრეგვაძე კვლავ უკან ბრუნდება, შენობის მეორე სართულზე“. იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღარ მიუთითებს გამომძიებლებს, რამდენი პირი გადმოვიდა მანქანიდან და გაუსწორდნენ თუ არა ისინი ვინმეს ფიზიკურად ამავე ტერიტორიაზე.

თუმცა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია, რომ იმ შენობის აივნიდან, სადაც ბრეგვაძე მდევრებს ემალებოდა, მან დაინახა, როგორ გარბოდა არაგვის ხიდზე, თბილისის სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით, ორი, მისთვის უცხო პიროვნება, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ მანამდე მასთან ერთად მყოფი პირები.

„იაკობ ბრეგვაძემ განმარტა, რომ ეს პირები დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლში გადასული არ დაუნახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულს ის დააფიქსირებდა. იაკობ ბრეგვაძემ ასევე განმარტა, რომ დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე, არაგვის ხიდის დაახლოებით ბოლოში, მან დაინახა თეთრ პერანგიანი პიროვნება, სავარაუდოდ, ვახტანგ ახვლედიანი“.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებმა, 19 აგვისტოს ღამით, იაკობ ბრეგვაძის საგამოძიებო ექსპერიმენტის გასაბათილებლად, დამოუკიდებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ფოტოგრაფი ცრუობს. მათი მტკიცებით, ბუნებრივი განათების პირობებში, შეუძლებელი იყო, მას შენობიდან დაენახა არა თუ პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი.

11 აგვისტოს, „ტოიოტა კამრის“ ხუთ მგზავრს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი წაუყენა 109-ე მუხლის „ე“ პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობას.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG