Accessibility links

გელათის მონასტრის ისტორიული გალავნის ერთი ნაწილი იშლება


მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის გალავნის ერთი ნაწილი იშლება. კედლის კონსერვაციისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გამარტივებული შესყიდვის ნებართვას ითხოვს.

როგორც სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ მხარეს, აკადემიის შენობის მიმდებარედ ისტორიული, ძველი გალავნის ერთი ნაწილი, წლების განმავლობაში ბუნებრივი საფარით იყო დაფარული და ნაკლებად ჩანდა იქ რეგრესული პროცესები. კედლის ჩამოშლილი ფრაგმენტები კი ცოტა ხნის წინ შენიშნეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ გალავნის დაახლოებით 2-მეტრიანი მონაკვეთის ჩამოშლა, სავარაუდოდ, მიწისქვეშა წყლების გადინებამ და ადგილზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.

როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, გალავანი ახლოსაა დასახლებულ ტერიტორიასთან და პრევენციისთვის აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებები, რათა ქვათა ცვენის პროცესი არ წარმოიქმნას:

„წერილობითი დასაბუთებით მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, შესყიდვის გამარტივებული უფლების მისაღებად, რათა სარესტავრაციო პროექტის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გალავნის ამ ფრაგმენტის კონსერვაცია“.

ბექა ბარამიძის განცხადებით, გალავნის სარესტავრაციო პროექტი მარტივი შესამუშავებელია, მას სააგენტოს შესაბამისი საბჭო დაამტკიცებს და სექტემბრიდან სამუშაობის დაწყება შესაძლებელი იქნება. ბარამიძე ამბობს, რომ მონასტრის ისტორიული გალავნის იმ ნაწილს, რომელიც ბუნებრივი საფარითაა დაფარული, გაწმენდა სჭირდება, რადგან შეიძლება არსებობდეს კედლის სხვა ამორტიზებული ნაწილიც.

„დაგეგმილია გამაგრება-კონსერვაცია გალავნის კედლის არა მხოლოდ დაახლოებით ორმეტრიანი მონაკვეთისა, არამედ იმ ნაწილებისაც, რომელთა სტრუქტურა საჭიროებს გამაგრებას“.

სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მონასტრის გალავნის კედლის გამაგრებისა და კონსერვაციისთვის, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 125 ათასი ლარი დაიხარჯება.

ასევე ნახეთ: გელათის დაზიანებული ფრაგმენტი “რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია”, პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან

გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებს

რატომ ვერ გაუძლო გელათის სახურავმა ზამთარს - ფრესკების გადასარჩენად ტაძარი ტენტით გადახურეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG