Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენ ჰოჯესის თქმით, საქართველო შეიძლება ბელარუსად იქცეს


ბენ ჰოჯესი
ბენ ჰოჯესი

„ბელარუსი და საქართველო იმის სახიფათო შეხსენებაა, თუ რა ხდება ხოლმე, როცა უსაფრთხოების ვაკუუმს წარმოშობ და კარს უხსნი რუსეთის მხრიდან ჩარევას. აშშ-მა და ევროპის კავშირმა თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს“, წერს ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საინტერნეტო გამოცემა The Hill-ში.

ჰოჯესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსისა და საქართველოს ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და მაღალია ნატოს პოპულარობა, ორი ქვეყნის მთავრობები სწორი მიმართულებით არ მიდიან ამ საქმეში.

ავტორი საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელი წლების ტენდენციას საქართველოს ეკონომიკაში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას (2017 წლის შემდეგ 40%-იანი ვარდნა). მისი აზრით, ეს მხოლოდ მთავრობის ბრალია და ამის დასტურად მოჰყავს ორი პროექტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი ციფრული კაბელის გაყვანა.

ბენ ჰოჯესის თანახმად, ორივე პროექტის მიზანია, საქართველოს ეკონომიკა უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი გახადოს რუსეთზე. მაგრამ, მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი ამ პროექტებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის მათ განხორციელებას.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მიიღეს ახალი კანონები, რომლებიც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უპრეცედენტო უფლებებს ანიჭებს კერძო სექტორთან ურთიერთობაში, რაც „გაუგონარი რამაა თანამედროვე დემოკრატიაში“.

ჰოჯესი წერს, რომ უწყების მხრიდან კერძო კომპანიების მუშაობაში „თითქმის შეუზღუდავი“ ჩარევის უფლება ქმნის ნოყიერ ნიადაგს „პოტენციური კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც სწრაფად შეიძლება გავრცელდეს სხვა დარგებზეც“.

„უცხოური ინვესტიციების დეფიციტთან ამის კომბინაციით მივიღებთ ნაცად ფორმულას, თუ როგორ შეაქციოს სახელმწიფომ ზურგი დემოკრატიას და, ფაქტობრივად, როგორ იქცეს ბელარუსად“, შენიშნავს ბენ ჰოჯესი და მკითხველს შეახსენებს, როგორ იყენებს ბელარუსის ხელისუფლება ინტერნეტზე კონტროლს საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„თუკი საქართველოს სურს განახორციელოს თავისი პოტენციალი, როგორც დასავლურმა ლიბერალურმა დემოკრატიამ, წინ წაიწიოს დასავლეთთან ინტეგრაციაში და სარგებელი ნახოს უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით, მან თავი მიმზიდველი უნდა გახადოს [კერძო] ინვესტიციისთვის. სამწუხაროა, განსაკუთრებით საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომ მთავრობა, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის“, დაასკვნის ბენ ჰოჯესი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ბელარუსში შეიძლება ერთი ეპოქა დასრულდეს, მაგრამ მისი ადგილი შესაძლოა საქართველომ დაიკავოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG