Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ციხიდან შეტყობინებებს აგზავნიან


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ციხიდან შეტყობინებებს აგზავნიან და ამბობენ, რომ ბრალის აღიარების მიზნით, სისტემა მათზე ზეწოლას ახორციელებს. გააქტიურდნენ ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ აქამდე მხოლოდ იმიტომ დუმდნენ, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი ჰქონდათ.

ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, 29 აგვისტოს, შაბათს, არასამუშაო დღეს, ისე, რომ მათთვის არავის შეუტყობინებია, არჩილ გაგნიძესთან საქმის პროკურორი შევიდა, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა.

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური. მათი განმარტებით, არჩილ გაგნიძემ თავად მიმართა წერილით ციხის ადმინისტრაციას და მოითხოვა საქმის პროკურორთან შეხვედრა. წერილის საფუძველზე, 29 აგვისტოს, მასთან პროკურორი დავით ყაზარაშვილი შევიდა, თუმცა, რაკი პროცესს ადვოკატები არ ესწრებოდნენ, არჩილ გაგნიძემ პროკურორთან გასაუბრებაზე უარი თქვა:

„პროკურორსა და ბრალდებულს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. როდესაც ბრალდებულმა კარი შეაღო და ნახა, რომ ოთახში ადვოკატები არ ისხდნენ, პროკურორთან შეხვედრაზე უარი თქვა. რაც შეეხება წერილს, რომელიც მან ციხის ადმინისტრაციას მისწერა, ეს წერილი ჩვენთან არის და საჭიროების შემთხვევაში, გავასაჯაროებთ“.

31 აგვისტოს, დღის ბოლოს, გენერალურმა პროკურატურამ არჩილ გაგნიძის განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ის 26 აგვისტოს #8 დაწესებულების დირექტორის სახელზე წერს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

31 აგვისტოს, არჩილ გაგნიძესთან, ციხეში, ადვოკატები შევიდნენ. მათ სურდათ დაეზუსტებინათ, რატომ იმყოფებოდა და რაზე ესაუბრა ბრალდებულს პროკურორი. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ რამდენიმე საათი დაჰყვეს.

ვასილ მამულაშვილი, ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არჩილ გაგნიძემ 26 აგვისტოს მართლაც მისწერა წერილი ციხის ადმინისტრაციას, სადაც ის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, არჩილ გაგნიძემ ეს კონკრეტული წერილი პროკურორთან სრულიად სხვა მიზეზით გააგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ არჩილ გაგნიძეს სურდა, პროკურორისთვის დაკარგული ტანისამოსის შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ პროკურორმა ლაპარაკი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა:

„ჩვენ ველაპარაკეთ არჩილ გაგნიძეს. მას დიდი ხანია პროკურორთან სურს შეხვედრა, რადგან შეკითხვები აქვს საქმესთან დაკავშირებით. ამასობაში, მეორე საკითხიც გამოიკვეთა. ციხეში დაიკარგა მისი ტანსაცმელი. როდესაც ოჯახის წევრებმა ახალი ტანსაცმელი მიუტანეს, ძველი ტანსაცმელი გაქრა. ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნაგავი გვეგონაო, მაგრამ ფაქტია, რომ ტანსაცმელი არ ჩანს. სწორედ ამიტომ მიმართა მან პროკურატურას. თუმცა, წერილში, მიმართვის მიზეზი არ ჩაუწერია. მხოლოდ ის დაწერა, რომ სურს პროკურორებთან შეხვედრა. შაბათს კი მასთან შევიდა პროკურორი ყაზარაშვილი და არჩილ გაგნიძის თქმით, მან უთხრა, მარტო შემოვედი, რადგან გულწრფელად ვილაპარაკოთ, ადვოკატების გარეშეო. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ამაზე უარი თქვა. დაკარგულ ტანსაცმელზე რომ ვუთხარი, მიპასუხა, რომ ეს თემა არ მაინტერესებსო. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს ციხეში პროკურორის შაბათს შესვლა, თან ისე, რომ ამის შესახებ ადვოკატები ინფორმირებულები არ ვიყავით. უბრალოდ მოსანახულებლად ბრალდებულთან არც ადვოკატი შედის და არც პროკურორი. ისევე როგორც ჩვენ, პროკურორიც შედის კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე, რაზეც ყოველთვის დგება ოქმი, იქნება ეს გასაუბრების ოქმი, გამოკითხვის ოქმი და ა.შ. არავისთან დაურეკავთ, ისე შევიდა პროკურორი და ისე ჰქონდა მცდელობა, რომ გაგნიძისგან მიეღო ინფორმაცია“.

შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ნიკოლოზ რევაზიშვილი კი ციხიდან წერილს ავრცელებს. სამგვერდიანი წერილი, რომელიც რადიო თავისუფლებას ბრალდებულის ძმამ, ვახო რევაზიშვილმა მიაწოდა, 26 აგვისტოთი თარიღდება.

ნიკოლოზ რევაზიშვილი წერს, რომ მისი წინააღმდეგ სისტემა იბრძვის. ამბობს, რომ გამოძიება მასთან პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ის უდანაშაულოა, თუმცა, ეუბნებიან, რომ „სხვა გზა არ აქვთ“.

„როცა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი დამდეს და დამაბრალეს, თითქოს გზა მოვუჭერი შაქარაშვილს და ხევში ჩავედი, იმედი მქონდა, ექსპერტები „გუგლის“ სისტემიდან ამოიღებდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი ფეხით გადაადგილების მარშრუტს და სიმართლე გაირკვეოდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებამ წაშალა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ გამოძიება და მართლმსაჯულება სიმართლის დადგენით კი არ არის დაკავებული, არამედ ფაქტების გაყალბებით. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ წამიშალა თავის მართლების, ფაქტობრივად, ერთადერთი მტკიცებულება, მივხვდი, რომ ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია.

მეგონა, რომ სისტემა ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა ვცდებოდი, როცა ამოცნობის მიზნით ციხიდან შსს-ში გადამიყვანეს. იქ არ დარჩენილა თანამდებობის პირი, რომელიც არ გამესაუბრა და კითხვები არ დამისვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ყველა მაღლა იხედებოდა...

დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კ. ჩ., რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ, კ. ჩ.-ს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა“, - წერს ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ბრალდებულის წერილის შინაარსს რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი შოთა კახიძე. 30 ივლისს, ამოცნობის პროცედურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სწორედ ის ახლდა ნიკოლოზ რევაზიშვილს, რომელიც შეესწრო არაფორმალურ საუბარს ბრალდებულსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის:

„სანამ ამ პროცედურისთვის მზადება მიმდინარეობდა, ნიკა რევაზიშვილი და ჩვენ, ადვოკატები, ვიმყოფებოდით ერთ-ერთ ოთახში, სადაც შემოდიოდნენ სხვადასხვა პირები, გამომძიებლები, მათი ხელმძღვანელები და ა.შ. მათ პოზიციებს ვერ დაგისახელებთ, რომლებიც არაფორმალურ გარემოში ელაპარაკებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, უსვამდნენ კითხვებს საქმის შესახებ, მის გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამ საუბრების დროს, ვადასტურებ, რომ ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან კომენტარებს, რომ მათ სჯერა ბრალდებულის უდანაშაულობის, თუმცა სხვა გზა არ აქვთ“.

შოთა კახიძე ამბობს, რომ გამოძიებას, 30 ივლისს, სავარაუდოდ, უკვე ნანახი ჰქონდა ნიკოლოზ რევაზიშვილის google ანგარიშში ასახული მისი ფეხით გადაადგილების მარშრუტი, იცოდნენ, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია და არც მდინარე არაგვის პირას ჩასულა და სწორედ ეს იყო ამგვარი საუბრის საფუძველი.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ბრალდებულის ტელეფონი გამოძიებამ 28 ივლისს გახსნა და სწორედ 28 ივლისს წაიშალა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად გადაადგილდებოდა ის 19 ივნისის ღამეს.

„11 აგვისტოს, როდესაც დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ და გადმოგვეცა საქმე, ბრალდების დადგენილებაში, აღწერილი იყო ნიკოლოზ რევაზიშვილის გადაადგილების ტრაექტორია. იმისათვის, რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა, რომ მას ამ მარშრუტით არ უვლია, გადავწყვიტეთ, მოგვეპოვებინა მტკიცებულება გუგლის ანგარიშის დახმარებით. ნიკა რევაზიშვილმა ჩემს კოლეგას გადასცა პაროლი, რის შემდეგაც ნიკას ძმა შეეცადა ნიკა რევაზიშვილის გუგლის ანგარიშზე შესვლას და იქ აღმოჩნდა, რომ პაროლი 28 ივლისს უკვე შეცვლილი იყო. დადგენილი გვაქვს, რომელი აიპი მისამართიდან განხორციელდა პაროლის შეცვლა. თუმცა, ვის ეკუთვნის ეს აიპი მისამართი, ამას ჩვენ ვერ ვადგენთ. მივმართეთ სასამართლოს განჩინებისთვის, რათა ამ კომპანიის თუ ფიზიკური პირის ვინაობა დაგვედგინა, თუმცა, მცხეთის სასამართლომ გვითხრა, რომ ინფორმაციის გამოთხოვა საქმესთან შემხებლობაში არ არის. აპელაციამაც უარი გვითხრა ინფორმაციის გამოთხოვაზე“.

რევაზიშვილის ადვოკატებმა წერილი მისწერეს გენერალურ პროკურატურასაც, რათა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო დახმარების შესახებ საქათველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უწყებამ მიმართოს აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა აღადგინონ google-იდან წაშლილი ინფორმაცია, თუმცა, პროკურატურიდან, ამ დრომდე, მათ პასუხი არ მიუღიათ: „ცოტა კომიკური სიტუაცია, ვისაც ინფორმაციის წაშლაში ვადანაშაულებთ, ისევ მათ მივმართავთ თხოვნით, მაგრამ სხვა სამართლებრივი გზა ჩვენ არ გაგვაჩნია“.

გამოძიების ვერსიის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, გიორგი შაქარაშვილს, არაგვის ხიდის ქვეშ, უკან მისდევდა საქმის ბრალდებულები ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. ხოლო ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ მას გზა მოუჭრეს, წინიდან დახვდნენ, რის გამოც 19 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო, მდინარე არაგვის მიმართულებით. გამოძიება ამბობს, რომ მდევრებმა გიორგი შაქარაშვილს მდინარის ნაპირამდე სდიეს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელით.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG