Accessibility links

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში წარადგინა სლოგანი და ეკონომიკური გეგმა


ფოთში შეკრებილ მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა სამი სიახლე წარუდგინეს. მოქალაქეებთან შეხვედრა პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდნენ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.

სლოგანს „შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“ პარტია ასე განმარტავს: ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ მიმართულებას აჩვენებს.

პარტიამ ეკონომიკური ხედვის წარდგენის ფორმად შეარჩია „ხელშეკრულება ხალხთან“. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, „ხელშეკრულება ხალხთან“ გადაეცემა ყველა მოქალაქეს საარჩევნო პერიოდში. ის მოიცავს სხვადასხვა პუნქტს, რომელთა შესრულებასაც „ევროპული საქართველო“ გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰპირდება.

„ხელშეკრულების“ მიხედვით, გადასახადების შემცირების შედეგად შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და წელიწადში ოჯახს საშუალოდ 2000 ლარზე მეტი დარჩება. გეგმა შემდეგნაირია:

  • შემცირდება მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები 2 მილიარდით
  • მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი გადასახადების ნაწილი
  • გაორმაგდება პენსიები
  • გაორმაგდება სოციალური დახმარებები
  • გაორმაგდება დევნილების დახმარებები
  • საკუთარი არჩევანის შემთხვევაში, ადამიანები დაიბრუნებენ საპენსიო ანაბრებს
  • ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები, მიწები, ტყეები და საძოვრები
  • სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები
  • გაფართოვდება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო
  • შემოღებული იქნება შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობა
  • დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი.

„ხელშეკრულებას“ ხელს აწერენ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

„ვალდებულებათა ბარათის“ მიხედვით კი, პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე:

დასაქმებული და შეძლებული ხალხი

  • გადასახადების შემცირების გზით შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და თითოეულ ოჯახს, ყოველწლიურად, 2000 ლარი დარჩება.

მეტი საკუთრება ხალხს

  • ხალხს და სოფლის თემებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ მთავრობის კუთვნილი ქონება, ტყეები, საძოვრები და მიწები.

სიღარიბის დაძლევა

  • გაორმაგდება პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარებები.

უსაფრთხო და დაცული ოჯახი

  • დამარცხდება კრიმინალი და ქუჩები გახდება უსაფრთხო, შეიქმნება დამოუკიდებელი სასამართლო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG