საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის გადადებულ შეხვედრას 1 ნოემბერს ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს და თამაში 15:00 საათზე დაიწყება, ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, შეუშვებენ თუ არა ტრიბუნებზე მაყურებლებს.
საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. მას შემდეგ, სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ გუშინ მიიღო.
სატურნირო თვალსაზრისით, მომავალ თამაშს „ბორჯღალოსნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაისაშვილის შეგირდებმა ტურნირის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდეს.