Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილმა ენგურის ხიდიდან წამოიღო აფხაზების დაბრუნებული ხატი 


ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატის წამოსაღებად დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი ენგურის ხიდთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მათ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს სამი კვირის წინ დატოვებული ხატი წამოიღეს.

პროცესში სასულიერო პირებთან ერთად ჩართული იყო „პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, რომელმაც ინაშვილთან ერთად ხატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაიტანა.

ირმა ინაშვილის თქმით, ხატს ბაგრატის ტაძარში დატოვებენ. მან აფხაზებისთვის ნაჩუქარი ხატის დაბრუნების გამო ქართველი პოლიტიკოსები და მედია გააკრიტიკა, რომელიც მისი განცხადებით, „გახარებულია“ ამბის ასე დასრულებით. მისივე სიტყვებით, აფხაზეთში ალბათ 11 ადამიანი იქნება ვინც ასევე ხელი შეუშალა შერიგებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს. „წავედით შერიგებისკენ, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით და ხომ ხედავთ რამდენი დარტყმა მივიღეთ და თქვენც ჟურნალისტების დიდ ნაწილსაც როგორი შავი სიხარულით გიხაროდათ, ხატი არ მოდის? ხატი არ მოდის?.. იცით, რას მინდა ყურადღება მიაქციოთ? - პატარა სინათლის სვეტი გამოჩნდა და ყველამ ბრძოლა დაუწყო. სააკაშვილ-ბოკერიებს ემატება ხელისუფების მხრიდან კობახიძის შტო, რომელმაც ასევე დიდად „იღვაწა" იმისთვის, რომ ეს ხატი აქეთ გადმობრძანებულიყო. ხატი დაბრძანდება ბაგრატის ტაძარში, საკურთხეველში იქნება, როგორც გადაწყვეტენ მეუფე და სამღვდელო პირები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მან ენგურის ხიდიდან მიმართა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ, რომ ხატის დაბრუნების ფაქტი ვერ შეაჩერებს მის გეგმებს.

ინაშვილის სიტყვებით, უახლოეს ხანში კიდევ არის დაგეგმილი ნაბიჯები რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, ქართველებს და ოსებს. „ჩემო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ. დღევანდელი ფაქტი ვერ შეგვაჩერებს გადავდგათ ნაბიჯები შერიგების გზაზე“, - თქვა ირმა ინაშვილმა.

აფხაზებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი საოკუპაციო ხაზთან 5 აგვისტოს მოიტანეს და ენგურის ხიდთან დატოვეს. იმავე დღეს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის - „არუაა“-ს მომხრემ, ნაირა ამალიამ. მანამდე ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხატს ე.წ. საბაჟო პოსტზე გადმოიტანდნენ, „სადაც ის შეინახება მანამდე, ვიდრე ქართული მხარე არ იზრუნებს ხატის დაბრუნების ორგანიზებაზე“. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში სტუმრობამ შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას თანამდებობა. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა საკანია თითქმის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 24 აგვისტოს კი, პრესკონფერენციაზე, თავად ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, გიორგი ლომიასთან ერთად. „დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა. ოდნავ მოგვიანებით მან თავის ფეისბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG