Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში COVID-19-ით დაავადების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა


რუსთავში COVID-19-ით დაავადების ორი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ერთ-ერთი დაინფიცირებული რუსთავის კლინიკა „რუსთავის“ კარდიოლოგიური განყოფილების მედდაა. კლინიკის დირექტორმა ლუკა სალუქვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განყოფილების ყველა თანამშრომელი, რომელიც დაინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა, თვითიზოლაციაში გადავიდა. მათ უკვე აუღეს სისხლი საანალიზოდ და პასუხს ელოდებიან. „რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ასევე ტესტები აუღეს, ყველას აუცილებელი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა და დღესვე ცხელების ცენტრებში ან შესაბამისი პროფილის სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ“, თქვა ლუკა სალუქვაძემ. მისივე თქმით, კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილება განაგრძობს მუშაობას, ოღონდ, ინფიცირებულ მედდასთან მყოფ მედპერსონალს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.

რუსთავის მერიის უსაფრთხო გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა, 10 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მიმდინარეობს ინფიცირებულ მედდასთან მყოფი ყველა კონტაქტის დადგენა და ეპიდემიური კვლევა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლინიკის ცხელების ცენტრში არ მოხვედრილა ინფიცირებული მედმუშაკი.

„დაავადებული არის კლინიკა „რუსთავის“ მედდა, რომელიც ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდა. მისი გამოკვლევა ჩვენი ცხელების ცენტრის გარეთ ჩატარდა“, თქვა ბახტაძემ. მისივე თქმით, ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსი დღეს ერთ პაციენტს აღმოაჩნდა.

რუსთავის მერიის უსაფრთხო გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედმუშაკიც და ადგილობრივ ცხელების ცენტრში მოხვედრილი პაციენტიც სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

დავით ბეგაშვილის თქმით, მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ბათუმში გამართული ქორწილის კლასტერიდანაა.

„მისი ყველა კონტაქტი დადგენილია. მათი რაოდენობა მცირეა, რადგან ინფიცირებული ფრთხილობდა“, თქვა ბეგაშვილმა.

29 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით 24 რუსთაველი დაინფიცირდა, მათგან 12 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. „ავერსის“ ფილიალში კორონავირუსი სულ 17 თანამშრომელს დაუდასტურდა.

დავით ბეგაშვილის თქმით, „ავერსის“ ფილიალში ამჟამად მხოლოდ ლაბორატორია და ერთი ოჯახის ექიმი მუშაობს. მენეჯმენტმა ყველა თანამშრომელი ახალი თანამშრომლებით ჩაანაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG