Accessibility links

გიორგი ასანიძე: ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები არ გამოხატავს სპორტული ფედერაციების პოზიციას


გიორგი ასანიძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა. ასანიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყრილობის დელეგატთა უმრავლესობამ მის წინადადებას მხარი არ დაუჭირა და დღის წესრიგის ბოლო საკითხი - სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - რამდენიმე თვით არ გადაიდო.

„დღევანდელი არჩევნები არანაირად არ გამოხატავს სპორტული ფედერაციების პოზიციას. ეს არის ნაჩქარევად დაგეგმილი, არასპორტული გადაწყვეტილება. შეიცვალა ოლიმპიური კომიტეტის წესდება და, ამ ახალი წესდების მიხედვით, ხაზი გადაესვა ჯანსაღ კონკურენციას. მოვითხოვეთ გადაიდოს არჩევნები, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაცილებით პროფესიულად მიუდგება ამ საკითხს და მიიღებს ქართული სპორტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი უნდა შეარჩიოს ამომრჩეველმა და არა წესდებამ. სამწუხაროა, რომ ასე არ ხდება“, - უთხრა გიორგი ასანიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები სასტუმრო „სტამბაში“ დღეს იმართება. მასში მონაწილეობას ერთადერთი კანდიდატი იღებს - სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG