Accessibility links

ლაგოდეხი: სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ნუნუ ნოზაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, კოვიდინფიცირებული მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სამსახურში არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე.

ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივ ცხელების ცენტრს მიმართა. ინფექციის დადასტურების შემდეგ მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილიდან იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მამაკაცი ცხოვრობს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ ოჯახის წევრებს და ახლობლებს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას უღებენ.

ამ დროისთვის მოძიებულია 10-მდე კონტაქტი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG