Accessibility links

სპს: „გლდანის ციხეში" პატიმრებმა ჩაისა და სიგარეტის მოთხოვნით თვითდაზიანებები მიიყენეს


N8 (გლდანის) პენიტენციური დაწესებულება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყალბია ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სამსახური აღნიშნავს, რომ სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ, გ.შ.-მ და შ.ჭ.-მ მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე. სამსახურის მტკიცებით, პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პატიმრების მენიუში შედის ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს მისი მიღება, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, განცხადების თანახმად, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ დარეკეს ოჯახის წევრებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG