Accessibility links

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელადაა


ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ერგნეთში, ქართველ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ამის შესახებ მედიას აცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, ვიზუალურად ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნება.

ირაკლი ანთაძის განმარტებით, ხვიჩა მღებრიშვილი დღეს დეტალურად არ გამოუკითხავთ, რადგან კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საკარანტინე სივრცეში გადაყვანას ექვემდებარება. ანთაძის თქმით, კარანტინის ვადის ამოწურვის შემდეგ მღებრიშვილს დაწვრილებით გამოკითხავენ და ცნობილი გახდება მისი უკანონო პატიმრობის დეტალები და ასევე, რა ინფორმაციას ფლობს სხვა უკანონო პატიმრების, მათ შორის ზაზა გახელაძის შესახებ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გაათავისუფლა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა.

ხვიჩა მღებრიშვილს ერგნეთში დახვდნენ სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა, კერძოდ, ის, რომ ღამურების ჭუპრებს აგროვებდა. მოგვიანებით, ეს ბრალდება მოუხსნეს.

აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენცის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე მღებრიშვილის გათავისუფლებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG