Accessibility links

ანა დოლიძე პრემიერს მოუწოდებს მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე მსჯელობისთვის


„მოვუწოდებ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და დაუყოვნებლივ იმსჯელონ აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მეზობელ სახელმწიფოში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც საქართველოზე ასევე მთელს ამიერ კავკასიაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.

„ამიერკავკასიაში მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. სტრატეგიულად მნიშვნელოვან მეზობლებს შორის დაძაბულობა კი უარყოფით გავლენას მოახდენს მთელს რეგიონში, რაც პირდაპირ და მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა - რას ვაკეთებთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და რას ვეუბნებით ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებს. სწორედ, ასეთ სიტუაციებში სათათბიროდ შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, როგორც პრემიერის სათათბირო ორგანო და რომელიც დღემდე არც ერთხელ შეკრებილა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი საუბრობს მსხვერპლზე, ორივე ქვეყნაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ყარაბაღში კონფლიქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო უწყება.

მსოფლიო ლიდერები მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG