Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია პედოფილიაში ბრალდებულს ვერ პოულობს - დაზარალებულის ოჯახი სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს


კახეთში გრძელდება სამძებრო სამუშაოები. პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. 58 წლის კაცს სააპელაციო სასამართლომ დღეს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კაცი განაჩენის გაგების შემდეგ მიიმალა.

ბავშვის ბაბუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განაჩენის დადგომამდე, ბრალდებული, რომელიც მათი ნათესავია, იმუქრებოდა, რომ თუკი პედოფილიაში დამნაშავედ გამოაცხადებდნენ, ის ციხეში ამ ბრალდებით არ შევიდოდა და შეეცდებოდა, ახალი დანაშაული ჩაედინა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სულ სხვა ბრალდებით მოხვედრილიყო.

6 წლის გოგოს ბაბუა ამ გარემოების გათვალისწინებით, ბრალდებულის დროულად დაკავებას ითხოვს. ის ვარაუდობს, რომ თუ მამაკაცს დროულად არ დააკავებენ, შესაძლოა მან შურისძიების მიზნით ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა საქართველო დატოვოს.

დაზარალებული ბავშვის ოჯახი სახელმწიფოსგან დაცვასაც ითხოვს.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მამაკაცს 13 -წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის მამაკაცმა იმჟამად 5 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

6 წლის გოგოს ოჯახის წევრები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

რადიო თავისუფლება 58 წლის მამაკაცის მეუღლესაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და მას სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ბრალდებულის მეუღლის თქმით, რეალურად საქმე ეხება დავას მიწის ნაკვეთის შესახებ და მომხდარს არაფერი აქვს საერთო სექსუალური ხასიათის ძალადობასთან.

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში 2019 წლის ივნისში დააკავეს იმჟამად 5 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 60 წლამდე კაცი. იგი 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და შესაბამისად მამაკაცი ამ დრომდე თავისუფალი იყო.

58 წლის მამაკაცი 6 წლის გოგოს ბაბუის ძმაა.

ასევე ნახეთ: პოლიცია ეძებს კაცს, რომელსაც პედოფილიისთვის 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

"ვითხოვთ სამართლიანობას" - პედოფილიის შესაძლო მსხვერპლის ოჯახი

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG