ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ლაშა ქველაძეს 3 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, ხოლო ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს არიფ იუსუფოვს გირაო 4 ათასი ლარის მოცულობით. ამით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაკავებულების დაცვის მხარის წარმომადგენლები კი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდნენ.
პროკურატურამ იუსუფოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს, ორ ეპიზოდზე წარუდგინა.
ლაშა ქველაძეს კი ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 162-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას.
ადვოკატების თანახმად, ორივე ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
არიფ იუსუფოვის დაკავება 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, როდესაც პროკურატურამ იგი საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო დააკავა. ხოლო მარნეულის საოლქო კომისიის წევრის, ლაშა ქველაძის დაკავება უკავშირდება ინცინდენტს, რომელიც 29 სექტემბერს განვითარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში. გამოძიების ინფორმაციით, მან „საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
29 სექტემბრის საღამოს, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. იმ დროს საპროტესტო აქციას მართავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ცემის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა „მთავარი არხის“ ადგილობრივი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ზაზა ბარამიძესაც. გადამღებ ჯგუფებს დაუმტვრიეს კამერები.
ინციდენტის შედეგად, ლაშა ქველაძე საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მის მამას, გივი ქველაძესაც.
ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში ლაშა ქველაძე „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებდა, "ქართული ოცნების" თანახმად კი დაპირისპირება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო პროვოცირებული.