Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუკას, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული ფრანგული ნაციონალისტური ორგანიზაცია იყენებს - საგარეო სამინისტრო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი ეხმაურება საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს. ფოტოებზე ჩანს სომხეთის რუკა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის ნაწილი.

მარი ნარჩემაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა და წინასწარი ინფორმაციით დგინდება, რომ ლორან ვოკიეს ფოტოებში მოხვედრილ რუკას საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ჯგუფები იყენებენ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს“, -წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

როგორც ლორან ვოკიეს ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა ის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდა სომეხი ოჯახებისვის, რომლებიც ყარაბაღში დაზარალდნენ. ფოტო ამ პროცესს ასახავს.

„პირობა დავდე არასოდეს მივატოვებ სომხეთს და ყარაბაღს... დღეს რეგიონმა გამოყო 55 ათასი ევრო 13 ათასი ტონა მედიკამენტისა და პირველადი დახმარების ნივთების შესაძენად, იმ სომეხი ოჯახებისთვის, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს ყარაბაღში“, -წერს ლორან ვოკიე ტვიტერზე.

მის ამ პოსტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG