Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ათას სისულელეებს ლაპარაკობენ ეხლა იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველო ამჟამად ადაპტაციის და მართვის ეტაპზეა და მნიშვნელოვანია ყველამ - სახელმწიფომ, მოქალაქეებმა და კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში კი, ბიზნესმა, ზუსტად იცოდნენ თავისი ფუნქცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ მარტივად შესასრულებელი წესები საჭიროა ნორმალური სოციალური ცხოვრებისთვის, რათა არ დაიხუროს ეკონომიკა, განათლება და პოლიტიკური პროცესი.

გახარიას განცხადებით, ეს წესები მოქმედებს მთელ მსოფლიოში და მათი დაცვა და დისციპლინაა იმის გარანტი, რომ ცხოვრება მშვიდად გაგრძელდეს, აღდგეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილები და მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, პირბადის გამოყენების და დისტანციის და ჰიგიენის დაცვის გარდა, მსოფლიოში სხვა ქმედითი და ეფექტური ზომები ჯერჯერობით ვერავინ მოიგონა.

გახარიამ ისევ გაიმეორა, რომ საქართველოს მიდგომა თანმიმდევრულია, პირველი - ვირუსის შეკავების ეტაპი წარმატებული იყო და ამის შემდეგ დაიწყო ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი: „რა არის ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი, ეს მინდა დეტალურად ავხსნა იმიტომ, რომ ათას სისულელეებს ლაპარაკობენ ეხლა იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება. რა არის აქ მთავარი? პირველი გახლავთ სწრაფი გამოვლენა. ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც უკვე დავიწყეთ კლინიკური მართვის პროცესში ცვლილებების შეტანით და მესამე არის ადამიანის სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში“.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თუ პირველ ეტაპზე დღეში 200 PCR ტესტი კეთდებოდა, დღეს ეს რიცხვი 10 000-ზე მეტია, მაგრამ რესურსი შეუზღუდავი არ არის, ტესტირება მიზნობრივი უნდა იყოს და პირველი სიმპტომებისთანავე გაკეთდეს. გახარიას თქმით, სისტემური ტესტირება მოიცავს კონკრეტული სოციალური ჯგუფების - ექიმების, პედაგოგების, პოლიციელების, მძღოლების და სხვათა გამოკვლევას რათა სექტორები არ გაჩერდეს. გიორგი გახარიას განცხადებითვე, დღეს საქართველო 100 ათას მოქალაქეზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს, ვიდრე საშუალო ევროპული ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ კლინიკურ მართვაში ცვლილებებით გახდა შესაძლებელი მსუბუქი, ან უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა და კოვიდ-სასტუმროების გახსნა მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. გახარიას განცხადებითვე, სისტემა სრულად არის მზად კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვისთვის.

რაც შეეხება ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანების სწრაფად დაბრუნებას, გიორგი გახარიას თქმით, ამისთვის უმნიშვნელოვანესია წესების დაცვა. მან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა, უზრუნველყონ ჯანდაცვის სისტემის მიერ დადგენილი წესების ზემიწევნით დაცვა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამას ემატება საარჩევნო პროცესი, რომელიც ვერ გაჩერდება მიუხედავად "ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა" და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება პირბადით და დისტანციის დაცვით. როგორც გახარიამ თქვა, საქართველომ ყველას უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს სიტუაციას ადაპტაცია-მართვის ეტაპზე: "ესეც არ არის ეხლა მთავარი განმსაზღვრელი. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ". გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შეზღუდვების დაწესება საჭირო აღარ გახდეს და ჩატარდეს პანდემიის პირობებში ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.

XS
SM
MD
LG