Accessibility links

პარლამენტის წინ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა


თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული და მას პოლიტიკოსები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციაზე იყო მისული ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე, რომელმაც იქ მყოფ ადამიანებს მადლობა გადაუხადა. „არც მე და არც ჩემი მეუღლე პოლიტიკოსები არ ვართ. არ მიფიქრია, რომ ასეთი რაღაც ვინმეს შეეძლო მოეფიქრებინა, გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ“, - თქვა მან და დასძინა, რომ დავით გარეჯის საკითხი „პოლიტიკური ბომბი“ იყო, რომლის აფეთქებასაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდნენო.

ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული დაინახა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც. მან თქვა, რომ ამ საქმის უკან რუსეთი დგას. „არავის უნდოდა დავით გარეჯის გადაცემა, არავის დაუმალავს რაიმე რუკა. დაკავებულ ადამიანებს ამის სურვილიც კი რომ ჰქონოდათ, მათ დასჭირდებოდათ საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, უშიშროების საბჭოს ყველა წევრისა და პარლამენტის 3/4-ის თანხმობა. ისინი უბრალოდ ვერ იზამდნენ ამას და ამიტომ არის ეს ყველაფერი ტყუილი“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორივეს პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG