Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე გრიგოლი თვლის, რომ კარტოგრაფების საქმეში მტკიცებულებები არასაკმარისია


ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით მას, როგორც მოქალაქეს, ბევრი კითხვა აქვს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება "ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს". მისი თქმით, ამ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ერთი წელია, არ შეკრებილა. მანამდე კი, ეპისკოპოსებიც მედიიდან მიღებული ინფორმაციით იცნობენ ამ ამბავს.

"მედიებიდან მიღებული ინფორმაციით ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს. დღეს და ახლა, ამ წუთას, ერთადერთი, რაც მე, ერთ მოქალაქეს მიჩნდება, ძალიან ბევრი კითხვაა", - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

რაც შეეხება დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს საზიანოდ მოქმედებდნენ - ეპისკოპოსი გრიგოლი ამბობს, რომ მან არ იცის, რა მოტივები და საფუძვლები აქვს არქიმანდრიტს.

"მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ყვება, არის უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება", - აცხადებს მიტროპოლიტი.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან. ბრალდება ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა.

ასევე ნახეთ: დაუდგენელი მოტივი, დაუსრულებელი დანაშაული, დამალული რუკა - რა გამოიძია პროკურატურამ

ვის წისქვილზე ასხამს წყალს „კარტოგრაფების საქმე“?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG