ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა. როგორც სამსახური განმარტავს, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტინგენტთან შერევამდე, PCR-ტესტირებას გაივლიან.
ცვლილება 12 ოქტომბერს შევიდა ძალაში და PCR-ტესტირება უკვე ჩაუტარდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ 71 ბრალდებულს, რომელთა პასუხები იყო უარყოფითი.
განცხადების მიხედვით, 12 ოქტომბრიდან, როგორც სამოქალაქო კლინიკაში, ასევე მიმღები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში განთავსებული პატიმრები 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ PCR-ტესტირებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეერევიან დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტს.
როგორც სამსახური იუწყება, პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლით, საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაჰყავდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, მათ სწრაფი ტესტით ამოწმებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჰყავდათ ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (N8 - გლდანის, N5 - ქალთა და N2 - ქუთაისის), სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ.