Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე კუბილიუსზე: დავით გარეჯზე განცხადებით გაოცებული ვარ, ჩვენთვის მიუღებელია


მმართველი პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებამ გააკვირვა. ის ევროპარლამენტარისგან განმარტებებს ელოდება.

"მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი... მე იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი გააკეთებს განმარტებებს", - განცხადა თალაკვაძემ.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ანდრიუს კუბილიუსმა დავით გარეჯის საკითხზე ტვიტერით საკუთარი მოსაზრება გაავრცელა. მისი თქმით, სასაცილოა, როცა "ქართულ ოცნებას" რეალური პრობლემიდან აქცენტი ოპოზიციაზე გადააქვს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის". შენიშვნა - ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" რეალური პრობლემებისგან - პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, - დაწერა კუბილიუსმა ტვიტერზე.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი რამდენიმე დღის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG