Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეწარმეო საქმიანობას ოპოზიციური პარტიების არაერთი კანდიდატი ეწევა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც ეხება პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობას და პოლიტიკურ შემოწირულებებს.

პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარი კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.

  • 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“, ჯამში, 466,818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.
  • 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა თავისი ბიზნესკავშირები.

პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი - გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას, ჯამში, 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულებების ჩათვლით).

პირადად გიორგი ვაშაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა კი არის შპს "ფიჩის" და შპს "ნარას" დირექტორი და ფლობს ამ კომპანიების 50% და 45%-ს.

თამარ ჩარკვიანი არის შპს "მორკინალი 1"-ის დირექტორი და შპს "ქართული სიტყვა, ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკის" დირექტორი და 100%-ის მფლობელი.

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარი კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (1-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები, ჯამში, დაკავშირებულნი არიან 24 კომპანიასთან (აქედან 5 ინდივიდუალური მეწარმეა).
  • 9 კანდიდატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, ჯამში, 362,530 ლარი შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287,000 ლარი) პარტიას 5-მა კანდიდატმა შესწირა დროის მოკლე შუალედში, 2020 წლის 4-21 სექტემბერს.
  • 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013-2020 წლებში 67,172 ლარი მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა თავის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარი კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან.
  • 7-მა კანდიდატმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“, ჯამში, 41,845 ლარი შესწირა.
  • 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

პოლიტიკურ პარტიას „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის 8 კანდიდატი ჰყავს დასახელებული. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის 6 კანდიდატი: ალექსანდრე ელისაშვილი, გენრი დოლიძე, ინდიკო ბერძენაძე, ოთო ქერქაძე, დავით გიორგაძე და გიორგი გაბაიძე.

ლევან იოსელიანი არის შპს "ასლანიშვილი და იოსელიანის" დამფუძნებელი და დირექტორი. მან 2020 წელს 40,000 ლარი შესწირა პარტიას „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. იოსებ კენჭაძე 3 კომპანიაში ფლობს წილებს და იკავებს დირექტორის პოზიციას.

  • პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარი კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 14 კანდიდატი ჯამში დაკავშირებულია 73 კომპანიასთან.
  • 6-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2019-2020 წლებში „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, ჯამში, 419,950 ლარი შესწირეს. პირადად ყველაზე მსხვილი შემოწირულება გაიღო საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულება არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაზე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
  • 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1,156,881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3,033,996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა თავისი ბიზნესკავშირები.
  • 10 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.

პოლიტიკურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არის შპს "შმაქსის" დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ასევე ფლობს შპს "ჟურნალი მედიატორის" 15%-ს. მან "გირჩს“ 5,000 ლარი შესწირა.

იაგო ხვიჩია არის შპს "მანა ლიგალ კონსალტინგის" დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს "თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი. იაგო ხვიჩიამ 2016-2017 წლებში „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“ შესწირა 29,650 ლარი.

ვახტანგ მეგრელიშვილი თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე მაია ჩარჩხალია არის შპს „მეგაკოს“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ვახტანგ მეგრელიშვილმა 2016-2019 წლებში „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“ 145,401 ლარი შესწირა

ვახტანგ ზენაიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე გავაშელაშვილი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. ვახტანგ ზენაიშვილი ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „თავთავში“ და არის ამ კომპანიის დირექტორი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

არასამთავრობო ორგანიზაციიამ ანალოგოური კვლევები გამოაქვეყნა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია"-ს შესახებაც.

XS
SM
MD
LG