Accessibility links

სპეცოპერაცია ზუგდიდში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ოქტომბერს


რა ვიცით ამ დრომდე ზუგდიდში საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ?

მთავარი ფაქტები მოკლედ:

  • თავდამსხმელის ჯერ დაკავებული არ არის.
  • ყველა მძევალი თავისუფალია.
  • სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამთენიისას გაავრცელა განცხადება.

შსს-ს თქმით პოლიციამ მძევლები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მედიასთან პირველი, პირისპირ კომენტარი გააკეთა ირაკლი კვარაცხელიამ, ყოფილმა მძევალმა, რომელიც გუშინ ბანკის შენობიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა გამტაცებლის მოთხოვნებზე. ის პოლიციამ გათავისუფლების შემდეგ დაკითხა.

ყოფილმა მძევალმა აღწერა მოვლენები „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მისი მძევლად აყვანიდან, გათავისუფლებამდე. „ბანკში მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა", - ამბობს კვარაცხელია.

შეკითხვაზე რატომ აირჩია საკომუნიკაციოდ ის შეიარაღებულმა პირმა, ყოფილი მძევალი პასუხობს: „[თავდამსხმელმა] აგვიყვანა მესამე სართულზე იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკვინა 112-ში. ერთს მოსთხოვა რომ დაერეკა „ტვ პირველში", მან უთხრა რომ მას არ ჰონდა „ფეისბუკი". შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი რომ მქონდა „ფეისბუკი". იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა გავაცნობიერე, ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა“, - თქვა კვარაცხელიამ.

რა ვიცით თავდამსხმელის ადგილ-სამყოფელის შესახებ: ოფიციალური ინფორმაციით ბოლოს თავდამსხმელმა შენობა ორ მძევალთა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა. „ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“,- აცხადებს შსს. სამინისტრო ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ყელა სიახლე ამ თემაზე, წაიკითხე რაიდო თავისუფლების ლაივბლოგზე.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში გასულ 24 საათში. გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი. მათ შორის ერთ-ერთი 30 წლამდე პირია, რომელიც ამ დრომდე ვირუსის შედეგად გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია საქართველოში.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში არსებულ "ცხელების კლინიკებში", სადაც მოქალაქეებს PCR-ტესტებს უტარებდნენ, ახლა "სწრაფი ტესტებით" შეამოწმებენ.

"საკმაოდ დაიხვეწა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოში... მას ვიყენებდით ტრაილერების მძღოლებზე. ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ ის ასევე გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში ტრიაჟისთვის - როდესაც შედის მოქალაქე ცხელების ცენტრში სასწრაფოთი ან თვითდინებით, ის 15-20 წუთში იძლევა პასუხს. დიდი ალბათობით, თუ ის დადებითია, ნიშნავს, რომ კოვიდია, თუ არ არის - არ არის", - თქვა გამყრელიძემ.

განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

NGO-ები მელაშვილსა და ილიჩოვას სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები - მელაშვილი და ილიჩოვა, შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია და გადავარჩინოთ გარეჯის საკითხზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, - ამ შინაარსის მიმართვა 7 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

მათ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოვლენების განვითარება, პოლიტიკურ კონტექსტთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სინდისის პატიმრები არიან და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები ციხეში სხედან, მმართველი პარტიის დაკვეთაა.

წაიკითხე მეტი.

COVID-ვაქცინა და საქართველოს პერსპექტივა

უკანასკნელი ცნობებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში, ამჯერად მხოლოდ ორი ვაქცინაღაა დაწინაურებული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გიორგი ფხაკაძე, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის წევრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.

ეს ვაქცინებია: ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა „ასტრაზენეკა“ და ავსტრალიაში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ძველი, თითქმის 100 წლის წინანდელი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ-ს ვაქცინის რემოდიფიცირება გადაწყვიტეს.

„ასტრაზენეკას“ განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას. რაც შეეხება ავსტრალიურ ვაქცინას, მკვლევრებმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს.

დღევანდელი მდგომარეობით, ორივე ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის და მასში ათასობით ადამიანია ჩართული.

როდის შეიქმნება კორონავირუსის პირველი ვაქცინა და რამდენ ხანში მიიღებს მას საქართველო?- წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

გამტაცებელი რამდენიმე მძევალთან ერთად ტოვებს "საქართველოს ბანკის" შენობას. მან მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს და თითქმის 6 საათი იმყოფებოდა მათთან ერთად ბანკის შენობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG