Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე წარმატებული IPO-ს შემდეგ მილიარდერი გახდა


ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე
ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე

მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია. კომპანიამ ამ ცოტა ხნის წინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა აქციები.

Bloomberg-ის თანახმად, IPO-მდე, აქციების პირველ საჯარო გაყიდვამდე, გიორგი ლომთაძე კომპანიის აქციების 26 %-ის მფლობელი იყო. ფასიანი ქაღალდების ღირებულების გათვალისწინებით, მისი ქონება 1,8 მილიარდადაა შეფასებული.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური Bloomberg-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz თავის დროზე დააფუძნა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ნათესავმა კაირატ სატიბალდიმ.

მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. სტუდენტობის წლებში მან თბილისში დააარსა აუდიტორული კომპანია Georgia Consulting Group Audit, რომელიც 2020 წელს გლობალური ქსელის „ Ernst &Young-ის ნაწილი გახდა. 2004-2016 წლებში იგი Baring Vostok Capital Partners-ის პარტნიორი იყო, 2003-2005 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის სარისკო (ვენჩურული) ინვესტირების ასოციაციას, 2006-2010 წლებში იყო რუსეთის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი.

2008 წელს მიხეილ ლომთაძემ განაცხადა, რომ ოდესმე, სიცოცხლის ბოლოს აუცილებლად იცხოვრებს საქართველოში. 2017 წელს კი აღნიშნა, რომ საქართველოს პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს. მიმდინარე წლის ივნისში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაარსებული მედლით დაჯილდოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG