Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა კობახიძის განცხადებაზე: ეს არის შეშინებული „ქართული ოცნების“ კრუნჩხვები


„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა „ირაკლი კობახიძის, სუს-ის და შეშინებული „ქართული ოცნების“ კრუნჩხვებს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ განიხილავს შეიარაღებული ამბოხის სცენარს და ამ საკითზე მოქალაქეთა რეაქციის გასარკვევად კლევას უკვეთავს „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპანია“ IPM-ს.

გიგი უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობაა, რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მესამე დღეს, ორშაბათს, „ლოკდაუნის“ გამოცხადებით გეგმავს.

„ევროპულ საქართველოს“ არანაირი კვლევა არ დაუკვეთია IPM-თან, ეს არის კობახიძის და სუს-ის და შეშინებული ქართული ოცნების კრუნჩხვები, ისინი ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და მოიგონეს ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, ლოკდაუნის საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა, იმისთვის, რომ შემდეგ, მათი პროპაგანდისტული მანქანით გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება იმ რეალური პრობლემიდან, რის შექმნასაც ისინი აპირებენ ქვეყანაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას”, ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი „კრიმინალ ვანო მერაბიშვილის“ ხელმძღვანელობით. კობახიძის განცხადებით, ამ შტაბის ამოცანაა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მარნეულზე, ბოლნისზე, დმანისზე, ბათუმზე, ზუგდიდსა და გლდანზე.

„ევროპული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით კი, მმართველი პარტია არჩევნების ჩატარების შემდეგ, 2 ნოემბრიდან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. ბოკერიამ ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიის მოწყობა შესთავაზა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება. ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებდა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნის „ჩაკეტვა“ არ იგეგმება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2000-მდე აღწევს, ჯამში კი ვირუსი 34 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 253 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG