Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს პოლიტიკურ ფიგურებზე, ვინც "ლოკდაუნის" იდეას განიხილავს


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

საარჩევნო სუბიექტის, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია რადიო „თავისუფლების“ დილის საუბრებში ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი "ლოკდაუნის", ანუ კორონავირუსის გამო ქვეყნის მკაცრ იზოლაციაში მოქცევის შესახებ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მხოლოდ პრევენციული ხასიათი არ ჰქონია და კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობოდა:

„დიახ, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე, ვინც ამას იხილავენ, იძახიან, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, სანამ ფორმალურად ივანიშვილის მარცხი ჩამოყალიბდება, ამ პერიოდში ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანას მიაყენებს უდიდეს ზარალს და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა ყველა ლეგიტიმური მეთოდით და ამ ლეგიტიმურ მეთოდში შედის ხალხის წნეხი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილის ხელისუფლებაზე, ეს არ დაუშვას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „დილის საუბრებში“.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია არჩევნების ჩატარების შემდეგ, 2 ნოემბრიდან "ლოკდაუნის" გამოცხადებას გეგმავს. ბოკერიამ ამ საკითხზე 28 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დისკუსიის მოწყობა შესთავაზა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა განცხადებას ქვეყნის შესაძლო ჩაკეტვაზე. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ "ლოკდაუნი" არ იგეგმება, არ არის ასეთი განზრახვა და ეს არის მკაფიოდ გაცხადებული.

"რაც შეეხება "ლოკდაუნს", ერთადერთი, ქართველი ხალხი "ლოკდაუნს" გამოუცხადებს 31 ოქტომბერს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს", - თქვა მან.

ინფორმაცია მოსალოდნელი "ლოკდაუნის" შესახებ 29 ოქტომბერს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უარყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც.მისი განცხადებით, მთავრობა არ განიხილავს ე.წ. „ლოკდაუნს“, ანუ კორონავირუსის გამო ქვეყნის მკაცრ იზოლაციაში მოქცევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG