Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე წინა წლების არჩევნებში


„2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI), ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

TI-ის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და დამკვირვებლებმა დაწერეს 31 საჩივარი.

გამოვლინდა, მაგალითად, შემდეგი სახის ფაქტები:

  • ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა

გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განთავსებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, დაზიანდა „ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინმედია „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი - „აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა“.

  • დამკვირვებლების გამოძევება

ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეუშვეს, რადგან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო. ამ ფაქტმა კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად იყო შესული.

  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეოკამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.

დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.

თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიჰყვებოდა ამომრჩეველს, რაზეც თავმჯდომარე არ რეაგირებდა.

გარდაბნის #13.21.58 უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტენის შევსებაში.

ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.

  • მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სისტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.

  • არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.

  • კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, დარღვევებს შორის ასევე გამოვლინდა: მარკირების წესების დარღვევა; პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა; გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები და, მაგალითად - „გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც“.

XS
SM
MD
LG