Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" ბოლო საპარლამენტო არჩევნები წინა ორ არჩევნებს შეადარა


„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო შემაჯამებელ ოქმებში წარმოდგენილი მაჩვენებლები.

7 ნოემბერს პარტიამ დარღვევების ტიპები და მასშტაბები წლების მიხედვით შეადარა. პარტიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით:

  • დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა: 2020 წელს - 1175 ; 2012 წელს - 893; ხოლო 2016 წელს - 967;
  • ურნებში ჩაყრილი ცარიელი კონვერტების რაოდენობა: რაოდენობა: 2020 წელს - 8404 ; 2012 წელს - 2816; ხოლო 2016 წელს -2820;
  • უბნების რაოდენობა, სადაც ე.წ. კარუსელები გამოვლინდა: 2020 წელს - 968; 2012 წელს - 875; ხოლო 2016 წელს -919;
  • უბნების რაოდენობა, სადაც აღინიშნებოდა ბიულეტენების მეტობა: 2020 წელს - 206; 2012 წელს - 19; ხოლო 2016 წელს - 49;
  • ამომრჩეველთა რაოდენობა უბნებზე, სადაც მოხდა „ბიულეტენების ჩაყრა“: 2020 წელს - 113709 ; 2012 წელს - 12850; ხოლო 2016 წელს -28418.

პარტიის მონაცემებით, ე.წ. კარუსელების შედეგად გაკონტროლდა დაახლოებით 210 000 ამომრჩევლის ხმა.

„პირველი არ არის ეს არჩევნები, სადაც პრობლემები იყო და რით გამოვარჩიეთ ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ ეს არჩევნები - როდესაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ?!

ეს ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენი აზრით, იმ მაგალითებთან ერთად, რაც იხილა საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან საინტერესო იყო შეჯერება გარკვეული მონაცემების... ხშირად რთულია დაჭერა იმ ეფექტის, რაც მოაქვს დაშინებას, მოსყიდვას, და სხვა მეთოდებს... მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა, ძალიან თვალნათელი შედარება მოახდინა იმ მონაცემების, თუ როგორი დინამიკაა, რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს ბოლო არჩევნებზე, წინა 2 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, არჩევნებზე „იყო ისეთი ტიპის კარუსელები, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე ფუნდამენტურად“ და მისმა დრამატულმა გავლენამ „შეცვალა ბალანსი, თუ ვინ მიიღო ხალხის მანდატი ქვეყნის სამართავად“.

„ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც ოპოზიციური სპექტრის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. "ქართული ოცნება" არ აპირებს ოპოზიციასთან დიალოგს არჩევნების შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით.

"ქართველმა ხალხმა, ამ პანდემიის პირობებში, ერთხელ უკვე გამოხატა საკუთარი ნება და ამ ნების მიხედვით გვაქვს ის სურათი, რა სურათიც გვაქვს - რომ პარლამენტი უნდა იყოს ჭრელი და „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით უნდა აკომპლექტებდეს ხელისუფლებას.

ეს არის ქართველი ხალხის ნება. ამ ნების გადახედვის უფლება არც ჩვენ გვაქვს და არც ოპოზიციონერებს, რამდენი აქციაც არ უნდა მოაწყონ... ზოგადად, დიალოგის წინააღმდეგ და დიალოგზე პრობლემა ჩვენ საერთოდ არ გვქონია“ - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა, 7 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG