თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის" ოფისთან პოლიციის მობილიზების შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.
„ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აცხადებს შსს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სი"-ს ოფისში თავდამსხმელს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.