Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფულს (არ) იღებს ოპოზიცია - რას ნიშნავს თანხმობა დაფინანსებაზე?


ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, სხვადასხვაგვარად უყურებენ საპარლამენტო საბიუჯეტო დაფინანსების მიღების პერსპექტივას. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია: რვა პარტიიდან/ბლოკიდან, რომლებსაც ასეთი დაფინანსება ეკუთვნით, ორი - უარს ამბობს, ორი - ჯერ ისევ ფიქრობს, ხოლო დანარჩენმა ოთხმა - დაფინანსების მიღების თანხმობით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ბლოკებში შემავალი პარტიების ჩათვლით, ამ ეტაპისთვის დაფინანსების მიღება განზრახული აქვს 9 ოპოზიციურ პარტიას. პარალელურად, „ქართული ოცნებიდან“ ისევ ისმის მუქარა, რომ - პარლამენტის ბოიკოტის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები შესაძლოა დაფინანსების გარეშე დარჩნენ.

  • შესაძლებელია თუ არა, რომ საბიუჯეტო დაფინანსების თემამ ოპოზიციის ერთსულოვნებას შეუქმნას საფრთხე?
  • რა სახის დაფინანსებაზე და რა მოცულობის თანხაზეა ლაპარაკი?
  • რომელ პარტიას როგორი პოზიცია აქვს ამ ეტაპისთვის?

ამ ეტაპზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე ცესკოს თანხმობა უკვე წარუდგინა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ და ორმა ბლოკმა (რომლებშიც, თავის მხრივ, 7 პარტიაა გაერთიანებული). თანხმობა წარდგენილი აქვთ:

  • ბლოკს „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 5 პარტიას აერთიანებს (ჯამში - 3 115 635 ლარი);
  • ბლოკს „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს (ჯამში - 1 044 361 ლარი);
  • „ევროპულ საქართველოს“ (1 124 409 ლარი);
  • „პატრიოტთა ალიანსს“ (1 043 120 ლარი).

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თანხმობით ცესკოს ასევე მიმართა „ქართულმა ოცნებამ“.

პარტიებს ცესკოსთვის მიმართვის ვადა 25 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. ამის შემდეგ კი, მათ კანონი კიდევ 3 დღეს აძლევს და, შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს 28 ნოემბრამდე ელოდება ცესკო.

„აუდიტის სამსახური ვალდებულია, გააფრთხილოს აღნიშნული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე და პარტიებს აქვთ სამდღიანი ვადა იმისთვის, რომ გაფრთხილების შემდეგ, წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა. თუ პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ამ ვადაშიც თანხმობას ვერ წარმოადგენენ, დაკარგავენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას“, - აცხადებს ცესკოს სპიკერი ნათია იოსელიანი.

უკვე ცნობილია, რომ ამ შანსის გამოყენებას არ აპირებენ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტია - „გირჩი“.

26 ნოემბერს, რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღება შეუთავსებელია ოპოზიციის ერთსულოვან მიდგომასთან - „ჩვენს პარტიას გვაქვს სწორი პოზიცია: ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული არჩევნების შედეგებისადმი და ვამბობთ, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად, გაყალბდა და საბიუჯეტო დაფინანსება არის პირდაპირ მიბმული ხმებთან“.

პარტია „მოქალაქეებმა“ უარი თქვა - 497,406-ლარიან წლიურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

ხოლო „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იმასაც აღნიშნავს, რომ - დაფინანსებაზე თანხმობის თქმით პარტიებმა „ქართული ოცნების“ სასარგებლო სვლა გააკეთეს:

  • „პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია - ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების. გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება“;
  • „ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და „ოცნების“ ეულად დატოვებას...“;
  • „მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და „ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს“.

„გირჩმა“ მანამდეც რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებდა საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას.

ცესკოს მიერ დათვლილი ხმების მიხედვით, პარტია „გირჩს“ 777,990 ლარის მიღება შეეძლო.

დაასხეს თუ არა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალი იმ ოპოზიციურმა პარტიებმა/ბლოკებმა, რომლებიც უარს არ ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე? ეწინააღმდეგება თუ არა ბოიკოტის რეჟიმი კუთვნილი ფულის აღების განზრახვას?

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბოიკოტისა და დაფინანსების თემები ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდება; ხოლო ეს თანხა პარტიას არსებობისთვის და ბრძოლის გაგრძელებისთვის ესაჭიროება.

კანდელაკი არ ფიქრობს, რომ დაფინანსების საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომებმა ბზარი გააჩინა ოპოზიციის ერთსულოვნებაში.

„ვერანაირ ბზარს ვერ ვხედავ. მთავარია, რომ პროცესის ყველას მონაწილეს გვაქვს აღქმა ამ არჩევნების მანიპულირებისა და გაყალბების მასშტაბის... ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას ვერცერთი პასუხისმგებლიანი პარტია ვერ მისცემს. ეს იქნება სამომავლოდ იმ რწმენის გაქრობა, რომ არჩევნების გზით საერთოდ შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება“, - ეუბნება კანდელაკი რადიო თავისუფლებას.

მისი განმარტებით, „ევროპული საქართველო“ უარს აცხადებს საპარლამენტო პრივილეგიებსა და დაფინანსებაზე, რაც პარლამენტში მუშაობისთვის არის გათვლილი.

პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსებას განსაზღვრავს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. კანონის თანახმად:

  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა „პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის“;
  • წლიური დაფინანსება ეკუთვნის თითოეულ პარტიას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე (დამოუკიდებლად თუ ბლოკის შემადგენლობაში) გადალახა 1%-იანი ბარიერი;
  • დაფინანსება ნაწილდება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით: 50 000 ხმის ფარგლებში - თითოეულ ხმაზე 15 ლარი, ხოლო ყოველ დამატებით ხმაზე კიდევ - 5 ლარი;
  • პარტია დამატებით ასევე მიიღებს დაფინანსების 30%-ს, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებაზე თანხმობას აცხადებენ, არც არჩევნების შედეგს აღიარებენ და, შესაბამისად - არც იმ ხმების რაოდენობის სიზუსტეს, რაც მათ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით ხვდათ წილად.

თუმცა მათი გადაწყვეტილების ამოსავალია ის გათვლა, რომ მინიმუმ ამომრჩეველთა ამ რაოდენობის ხმა მიიღეს და, შესაბამისად - მინიმუმ ამ მოცულობის დაფინანსება ეკუთვნით. ეს პოლიტიკური ძალები ხაზგასმით განმარტავენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება პარლამენტში მუშაობის ხარჯს არ მოიცავს.

დაფინანსების საკითხის გამო ოპოზიციურ ერთსულოვნებაში განხეთქილების შეტანის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერც სხვა ოპოზიციურ პარტიებში ხედავენ.

მიიღონ თუ არ მიიღონ დაფინანსება - ეს საკითხი ჯერ ისევ არ გადაუწყვეტიათ - „ლელოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

თუმცა რადიო თავისუფლებისთვის გაცემული პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, ბოიკოტისა და დაფინანსების საკითხის ურთიერთკავშირს ვერც ამ პარტიებში ხედავენ.

  • „ოფიციალურად გადაწყვეტილება არ მიგვიღია... თუმცა მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ პარტიული დაფინანსების მიღება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლასა და ბოიკოტს... ეს თანხა არის პარტიის გაძლიერებისთვის, ხოლო პარტიის გაძლიერება დემოკრატიის გაძლიერებას ნიშნავს“ - კახა კოჟორიძე, „ლელო“;
  • „ჯერჯერობით ღიად არის ეს საკითხი ჩვენთვის... მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები... ოპოზიციური პარტია კი, როგორც სხვა ინსტიტუციები, აუცილებელია სახელმწიფოსთვის“ - გიორგი გუგავა, „ლეიბორისტული პარტია“.

თუკი დაფინანსებაზე უარს არ იტყვიან, „ლელო“ 803 560 ლარს, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ 289 710 ლარს მიიღებს,

ოპოზიციაში შანტაჟად, მუქარად და ოპოზიციური პარტიების განადგურების მცდელობად აღიქვამენ „ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, გადაიხედება საბიუჯეტო დაფინანსების საკითხიც.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაიმეორა, რომ - პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, არც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გამოირიცხება და ეს საკითხი აუცილებლად იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის განხილვის თემა.

ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა 26 ნოემბერს პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ - „კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხარ-თეძოზე წამოწვეს ან ქუჩის აქციებს მიმართოს... სახელმწიფომ, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ (ამ პარტიებს) და არ იმუშაონ პარლამენტში... ეს თემა სამსჯელოა...“

თუკი პარტია პარლამენტში არ შევა, მან არ უნდა მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება - ასეთია ანალიტიკოსების ნაწილის პოზიციაც.

ამ ნაწილს არ მიეკუთვნება, მაგალითად - პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს დაფინანსება პარტიების არსებობისთვის არის საჭირო და თუკი „ქართული ოცნება“ ამ დაფინანსებას დაუბლოკავს ოპოზიციას - ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ „მრავალპარტიული პარლამენტი მხოლოდ საკუთარი დემოკრატიული მაკიაჟისთვის ესაჭიროება და ნებისმიერ წუთს შეუძლია - გადაუკეტოს ჟანგბადი ოპოზიციურ პარტიებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG