„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა დეპუტატის მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს.
სალომე სამადაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას ავტონომიურად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, როდის მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით:
„გასაგებად თქვა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის მანდატების გამოყენებას, ანუ პარლამენტში შესვლას. ტაკტიკურად, თუ როდის მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ვფიქრობ, მათ, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, შეუძლიათ ავტონომიურადაც მიიღონ. ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახის პრობლემას.
არაა საჭირო ბნელ ოთახში კატის ძებნა, რომელიც იქ არაა. ამ რთული და საინტერესო ისტორიის პარტიას, საკუთარი ნიშა უჭირავს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც არ იზომება მხოლოდ მათი მხარდამჭერების რაოდენობით და ვფიქრობ, ენმ-ის ღირებული პარტნიორია. ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილმაც ვერ დაშალა. იმედია, ოპოზიციას ჭკუა ეყოფა, განხეთქილების კერები თავად არ შექმნას”, - წერს სალომე სამადაშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეული რესპუბლიკელები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, საპარლამენტო მანდატებზე უარით პარლამენტს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავენ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ“.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.