აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი გამარჯვების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა კანონის უზენაესობამ, კონსტიტუციამ და ხალხის ნებამ.
14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა დემოკრატი ჯო ბაიდენი. მან კოლეგიის 306 წევრის ხმა მიიღო. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 232.
ჯო ბაიდენმა არნახულად ექსტრემალური უწოდა დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების ძალისხმევას, სასამართლო გამოეყენებინათ არჩევნების შედეგების გასაუქმებლად. ბაიდენის თქმით, უზენაესმა სასამართლომ ეს მცდელობა ერთსულოვნად უარყო.
საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები 6 იანვარს უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.