Accessibility links

site logo site logo

მანდატების შეჩერებაზე განაცხადით და „ოცნების“ კანონპროექტებით, მხარეები უფრო შორდებიან — ელჩი


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, ბოლოდროინდელი ქმედებებით, უფრო შორდებიან ერთმანეთს და შეთანხმების მისაღწევად დრო იწურება.

„მეხუთე რაუნდამდე უნდა მივიდეთ. ფასილიტატორები ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. წინასწარი მოლოდინები არ მაქვს. რაც მოხდა, ეს პარტიების პოზიციებს ერთმანეთს უფრო აშორებს“, - აცხადებს ელჩი.

კარლ ჰარცელი, ერთი მხრივ, აკრიტიკებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ინიციატივებისთვის, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის რეგისტრაციის მოხსნას და პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს:

„ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს“, - ამბობს ჰარცელი.

მისივე თქმით, ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისადმი, ყოველთვის კითხვებს ბადებს - „განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები“.

ჰარცელის განცხადებით, პარტიების დაფინანსების საკითხზე საჭიროა ფართო განხილვები:

„შეიძლება, ზოგიერთებისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ, თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება. ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის“, - ამბობს ის.

მეორე მხრივ, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შეჩერებაზე განაცხადის შეტანა შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო.

„რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს, ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება. ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩაანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ელჩის აზრით, ახლა განსხვავებული მხარეები უნდა ფოკუსირდნენ ერთ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან:

„რაც მახარებს, არის ის, რომ ყველა მხარეს შორის არის მზაობა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბრებს და როგორ მიაღწევენ შეთანხმებას“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლება ეყრდნობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG