Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანის მუქარის გამო, ამერიკული ავიამზიდი სპარსეთის ყურეში დარჩება


ამერიკული ავიამზიდი Nimitz-ი
ამერიკული ავიამზიდი Nimitz-ი

აშშ-მა გადაწყვიტა სპარსეთის ყურეში დატოვოს ავიამზიდი Nimitz-ი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მთავრობის სხვა ოფიციალური პირებისადმი ირანის ლიდერთა ამასწინანდელი მუქარის გამო, ავიამზიდი დისლოკაციის ადგილს აღარ შეიცვლის და ცენტრალური სარდლობის ოპერაციების ზონაში დარჩება. როგორც მილერი აცხადებს, აშშ-ის სიმტკიცეში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.

ავიამზიდი Nimitz-ი სპარსეთის ყურეში პატრულირებს 2020 წლის ნოემბრიდან. კრისტოფერ მილერის მიერ 31 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით, ამერიკული სამხედრო გემი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული ირანის რომელ მუქარაზეა ლაპარაკი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ 31 დეკემბერს ახსენა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ორ ქვეყანას შორის ომის საბაბის ფაბრიკაციის მცდელობაში დაადანაშაულა. 1 იანვარს, ირანი აშშ-ს კიდევ ერთხელ დაემუქრა შურისძიებით გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამ ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG