ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრას „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.
გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად. ძალადობის ფონზე. ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.
საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად", - წერს ზურაბიშვილი.
6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.
პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 50-ზე მეტი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.