Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ლევან ზურაბაშვილი


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ლევან ზურაბაშვილი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მიკროსაფინანსო კომპანია MBC-ში მძევლები აიყვანა. დაცვის მხარე მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩოჩუამ უთხრა, ლევან ზურაბაშვილმა უარი განაცხადა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე.

„საქმის მასალები არსებით განხილვის სხდომას გადაეცა, ნაფიც მსაჯულებზე თავად ბრალდებულმა განაცხადა უარი, თქვა, რომ ასე უნდოდა და ეს მისი უფლებაა. თუმცა, ჩვენი სტრატეგია სხვა იყო და სამართლებრივად, ტაქტიკურად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სჯობდა, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა, რისი უფლებაც აქვს. ზურაბაშვილი აცხადებს, რომ მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია, არავის ფიზიკურად არ შეხებია და არც არავის ემუქრებოდა მისგან საფრთხე. შესაბამისად, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი მოთხოვნები აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია“, - ამბობს ჩოჩუა.

20 ნოემბერს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით მან აიყვანა 19 პირი მძევლად.

თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

საქმის არსებითი განხილვა 25 იანვარს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG