Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი გერასიმე მკაცრი ზომების მიღებას იმედოვნებს ცხინვალში ჩატარებული წირვის გამო


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) წერილს აქვეყნებს, რომელიც მან მისწერა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს.

​როგორც მიტროპოლიტი გერასიმე მიუთითებს, მისთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში", - ვკითხულობთ მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG