Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის მოედანზე შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა


საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში
საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში

ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, განაცხადა, რომ შექმნა საზოგადოებრივ-უფლებადამცველი მოძრაობა. მოძრაობის სახელია „კანონი, სამართლიანობა, ინალ ჯაბიევი“. მოძრაობა ჯერ რეგისტრირებული არ არის, თუმცა ჯაბიევის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებისგან წინააღმდეგობას არ წააწყდებიან.

ცხინვალის მოედანზე შექმნილი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება იმ ადამიანთა უფლებების დაცვა, რომლებიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან დაზარალდნენ და უფლებები შეელახათ. ინალ ჯაბიევის ცოლი, ოქსანა სოტიევა, ამბობს, რომ მოძრაობა მალე ოფიციალურად დარეგისტრირდება.

„ბოლო დროს ჩვენს სახელმწიფოში ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადამიანებს ართმევენ სიცოცხლის უფლებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძოლებს. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა ორგანიზაციად ჩამოყალიბდება. იურიდიული რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი უფლება გვექნება. იმედი გვაქვს, რომ სერიოზულად აღგვიქვამენ. ადამიანებმა ამ ორგანიზაციის შექმნა კარგად მიიღეს. დაგვეთანხმნენ და გაუხარდათ, რომ, ბოლოს და ბოლოს, რესპუბლიკაში ასეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია გაჩნდება“.

ახალი მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ინა ცხოვრებოვა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების უქონლობა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ მათი გადაწყვეტილებით ეს ვაკუუმი უნდა შეივსოს.

მე ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ მოგვისმენენ, რადგან ეს უკვე ერთი ადამიანი აღარ იქნება, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს ერთ იდეას უჭერენ...
ინა ცხოვრებოვა

„ჩვენი უფლებები ირღვევა ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად. ამის მტკიცებულებაა ინალის მკვლელობა. ამიტომ ვდგავართ მოედანზე... ხალხი აქ გამოვიდა აბსოლუტურად ნორმალური სურვილით - დაიცვან უფლებები, დაუმტკიცონ ყველას, რომ ინალი მსხვერპლია, მისგან კი დამნაშავის შექმნას ცდილობენ. ჩვენმა დგომამ მოედანზე არაფერი მოგვცა. ესე იგი ჩვენ არ გვამჩნევენ, ჩვენი ესმით. პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებენ რაღაც ბნელ საქმეებთან კავშირში. მოგვივიდა ასეთი იდეა, რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რომ სათითაოდ კი არ უნდა გამოვიდეთ, არამედ გავერთიანდეთ და დავიცვათ არა მარტო საკუთარი, არამედ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებები, იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ახლა მოედანზე ვერ გამოდიან და ამისთვის მიზეზი აქვთ“.

ცხოვრებოვა დარწმუნებულია, რომ ახალ მოძრაობას ის ადამიანები შეუერთდებიან, ვისაც სამართლიანობის აღდგენა უნდა:

„მე ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ მოგვისმენენ, რადგან ეს უკვე ერთი ადამიანი აღარ იქნება, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს ერთ იდეას უჭერენ. შეუძლებელია არ მოგვისმინონ. ჩვენ ყველაფერს ოფიციალურად დავარეგისტრირებთ და გვექნება გარკვეული ძალა, გარკვეული უფლება და მოვითხოვთ პასუხებს ჩვენ კითხვებზე და შეუძლებელია არ გვიპასუხონ, ამის უფლება არ ექნებათ“.

ზოგს ფინანსურად გაუჭირდა, ზოგმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო, ნაწილმა კი თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, რადგან ფინანსების მიღება უცხოური ფონდებიდან ახალი იარლიყების მიწებებისა და ტალახის სროლის საფუძველი ხდებოდა...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო წლებში არაერთი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია გაუქმდა. ნაწილს რეგისტრაცია დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ შეუჩერა, ნაწილმა კი თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, რადგან, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უცხოელ აგენტებად გამოაცხადეს და მათი შემოსავლების კონტროლი დაიწყეს. რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან, სამოქალაქო აქტივისტი, გვეუბნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად დასუსტებული იყოს:

„ზოგს ფინანსურად გაუჭირდა, ზოგმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო, ნაწილმა კი თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, რადგან ფინანსების მიღება უცხოური ფონდებიდან ახალი იარლიყების მიწებებისა და ტალახის სროლის საფუძველი ხდებოდა. ორგანიზაციები უცხოელ აგენტებად გამოაცხადეს და ხალხისთვის იმის ახსნა რთული იყო, თუ რატომ უნდა მიგვეღო ფული დასავლეთიდან. რუსეთში მესამე სექტორს თავისი გასაჭირი აქვს და ჩვენთვის არავის სცალია, ამიტომ სამხრეთ ოსეთში არასამთავრობო ორგანიზაცია თითქმის აღარ არის და ადამიანები მხოლოდ ინდივიდუალურად, სამოქალაქო აქტივიზმით არიან დაკავებული. არ მგონია ჯაბიევის ცოლის ორგანიზაციას იუსტიციამ რეგისტრაცია თავისუფლად მისცეს, ათას მიზეზს მოუდებენ. ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან დაბალ დონეზეა და ძალოვანების დაუსჯელობაც ამითაა გამოწვეული“.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

თვე-ნახევრის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG