Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში პუტინის მხარდამჭერ აქციას გამართავენ


ხვალ, 23 იანვარს სოხუმში, რუსეთის ე.წ. საელჩოსთან გაიმართება პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია. ინიციატორები არიან „აფხაზეთის რუსული თემი“, კაზაკთა გაერთიანებები და „აფხაზეთის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის ურთიერთობების განვითარების ფონდი“.

ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან რუსეთში საპროტესტო გამოსვლებისკენ ალექსეი ნავალნის მოწოდებით და „უპირობოდ უჭერენ მხარს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის კურსს“.

სოხუმში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა თანახმად, „პროდასავლელ ოპოზიციონერ ნავალნის“ არ მისცემენ რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევის შესაძლებლობას. აქციის ინიციატორები აფხაზეთში მყოფ რუს თანამემამულეებს მოუწოდებენ, 23 იანვარს, დღის პირველ საათზე პუტინის პოლიტიკის მხრადასაჭერად რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ.

23 იანვარს რუსეთში დაგეგმილია საპროტესტო აქციები ოპოზციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსეი ნავალნის დაკავების და ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის გამო. საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებები სოციაულური ქსელებით ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღკვეთენ როგორც თავად არასანქცირებულ აქციებს, ასევე საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს.

აქციებამდე ორი დღით ადრე, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დააკავეს ალექსეი ნავალნის არაერთი თანაგუნდელი და მხარდამჭერი. მათ შორის ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი ლიუბოვ სობოლი და „პუტინის სასახლის“ შესახებ ჩატარებული გამოძიების ერთ-ერთი ავტორი გეორგი ალბუროვი.

"პუტინის სასახლე" გელენჯიკის მახლობლად
"პუტინის სასახლე" გელენჯიკის მახლობლად

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG